სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად
აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო
იქნება.
ამ დაწესებულებებისთვის ასევე სავალდებულო ხდება საქართველოს
სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.
სწორედ ამას ითვალისწინებს “საქართველოს სახელმწიფო
სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი
ცვლილებების პროექტი, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა
კახიშვილმა მოამზადა.
პარლამენტმა დოკუმენტი პირველი მოსმენით, 94
ხმით უკვე მიიღო. პროექტს ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის ფრაქცია
“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.
როგორც კახიშვილმა პროექტის წარდგენისას აღნიშნა, საკანონმდებლო
ცვლილების შედეგად, ბავშვები ეროვნული სიმბოლოების მნიშვნელობასა და
პატივისცემას ბაგა-ბაღის ასაკიდან ისწავლიან.
"დასავლეთის სახელმწიფოების ქუჩებში ნებისმიერი უცხოელი
გამვლელისთვის თვალნათელია, თუ როგორ ხარისხშია ამ ქვეყნებში ეროვნული
სიმბოლიკის პატივისცემა, სადაც არა თუ საჯარო დაწესებულებების, არამედ
კერძო სახლების სახურავებზე და აივნებზე ეროვნული დროშებია აღმართული.
სამწუხაროდ, ამის პრაქტიკა და ტრადიცია საქართველოში ჯერჯერობით არა
გვაქვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ეროვნული სიმბოლიკის
პატივისცემა უპირველესად ჩვენს მომავალ თაობას ჩავუნერგოთ“,
- განაცხადა კახიშვილმა.
ამ დროისთვის საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღმართულია:
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე;
საქართველოს პარლამენტის შენობაზე;
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების
შენობებზე;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაზე;
საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაზე;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენობაზე;
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შენობაზე;
საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაზე;
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაზე;
სხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე;
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც
იმართება ამ ორგანოთა სესიები, – სესიების მიმდინარეობის
პერიოდში;
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და
დაწესებულებების შენობებზე;
მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც
იმართება ამ ორგანოთა სხდომები, – სხდომების მიმდინარეობის
პერიოდში;
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
საკონსულო დაწესებულებების შენობებზე;
საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა
მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.
მასალის გამოყენების პირობები