კულტურის სამინისტრომ იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში სახელმწიფო
პროფესიული თეატრების ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ხელმეორედ
გამოაცხადა.
სამინისტრომ გასული წლის დეკემბერში გამოცხადებული ქუთაისის,
ჭიათურასა და ზესტაფონის სახელმწიფო პროფესიული თეატრების
სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი
ჩაშლილად მიიჩნია.
"დებულების თანახმად, სამინისტრო წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს
არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მის წინაშე წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა
სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო
ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს
კულტურის მინისტრს.
სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ საბჭოსათვის კანდიდატთა სიის
წარდგენამდე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან
გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან
არც ერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ
ჩაითვლება მიზანშეწონილად", - ნათქვამია სამინისტროს
მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკონკურსო განაცხადების
წარდგენა კონკურსის გამოცხადებიდან 2 კვირის
განმავლობაში.
სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, მისთვის კანდიდატურის წარდგენიდან 1
თვის ვადაში მინისტრს წარუდგინოს შერჩეული კანდიდატი.
ინფორმაციისთვის, სამინისტროსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს
თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია
საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური
საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს
არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.
კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი
ხედვა და კონცეფცია, რომელშიც მან, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ
როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას.
თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას
და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც ის ვალდებულებას იღებს
სახელმწიფოს წინაშე.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები