პარლამენტი 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და
ორ ე.წ. პროფესიულ წევრს აირჩევს.
მათი არჩევა კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგში ასახულია.
კანონმდებლებს შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1-ელი თებერვლის
სხდომაზე უნდა მიეღოთ, თუმცა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი ე.წ.
პროფესიული წევრის არჩევა მომდევნო პლენარული სხდომების კვირისთვის
გადაიდო, რის მიზეზად საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კოვიდით
ინფიცირება და ამის გამო კვორუმის პრობლემა დასახელდა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის
პოსტზე ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე
წარუდგინა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილი არიან
- ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის
კანდიდატურები.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამართული მოსმენის შედეგად,
მმართველმა გუნდმა მხარდაჭერა ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე
მოქმედ თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკო-ს წევრობის
ვაკანტურ თანამდებობებზე ჯერ კიდევ მოქმედ წევრებს - მაია ზარიძესა და
გია ცაცაშვილს გამოუცხადა.
გასული წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების
თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევა ხმათა 2/3-ის
ნაცვლად, უბრალო უმრავლესობით მოხდა, არჩეული კანდიდატები
თანამდებობას კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ, ნაცვლად ხუთი
წლისა.
ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს პროფესიულ
წევრებს მაია ზარიძეს და გია ცაცაშვილს, რომლებიც პარლამენტმა გასული
წლის 2 აგვისტოს აირჩია, უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა ამოეწურათ.
მასალის გამოყენების პირობები