დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში
ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ
ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი 9 თებერვალს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.
სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, დაესწრება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს დასაკითხ მოწმეთა სიაში
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელი უფროსი - ანზორ
ჩუბინიძე ჰყავთ, თუმცა, მივა თუ არა, ჩუბინიძე ჩვენების მისაცემად, ეს
უცნობია. ანზორ ჩუბინიძეს დაკითხვისთვის სასამართლოდან უწყება უკვე
რამდენჯერმე გაეგზავნა, თუმცა, ის სასამართლოში სამსახურეობრივი
მოვალეობის შესრულების გამო, არ გამოცხადებულა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ.
პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ
ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით -
9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება
დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც.
სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და
სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს
თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი
გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და
პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10
ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე
შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.
მასალის გამოყენების პირობები