ტყიბულში, მინდელის სახელობის
შახტში 31 იანვარს მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული რვა
მეშახტიდან, ერთი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში
იმყოფება.
მას სხეულის 60% აქვს დამწვარი. პაციენტი მკურნალობას დამწვრობის
ცენტრში გადის. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, დაშავებულს სასუნთქი
გზების დაზიანება აღენიშნება.
"რეანიმაციის განყოფილებაში
რჩება ერთი პაციენტი, მას სხეულის 60% აქვს დაზიანებული, გარდა ამისა,
სასუნთქი გზების დაზიანება და ბარო ტრავმა, რაც სავარაუდოდ, აფეთქებამ
გამოიწვია. დანარჩენი 7 პაციენტი თავს კარგად გრძნობს", -
განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა
ქაშიბაძემ.
31 იანვარს, ტყიბულის შახტში
მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. შრომის
ინსპექციის პირველადი მოკვლევით, შახტში საამფეთქებლო
სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, ამასთან,
მუშაობისას ტექნიკური ხელმძღვანელი ადგილზე არ იყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს
წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები