"ივანიშვილის პარტიამ ხელში ჩაიგდო სასამართლო და
სამართალდამცავი ორგანოები"- ასეა შეფასებული "საერთაშორისო
გამჭვირვალობის" მიერ ჩატარებულ კვლევაში "კორუფციის აღქმის ინდექსი"
საქართველოში კორუფციის თვალსაზრისით არსებული
ვითარება.
კვლევის ავტორები მიუთითებენ პარტია
"ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო
ინსტიტუტების მიტაცებაზე, რითაც, მათი თქმით, ქვეყანაში კორუფციასთან
ბრძოლის მექანიზმები მოისპო.
"სახელმწიფოს მიტაცება და
ძალაუფლების კონცენტრაცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა
საქართველოში, რომელიც, 55 ქულით, რეგიონში ლიდერობს. მმართველი
პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად
ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება, მიუხედავად
იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა. მისმა პარტიამ,
"ქართულმა ოცნებამ", ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და
სამართალდამცავი ორგანოები, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა კორუფციასთან
საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი", - ნათქვამია
კვლევაში.
კვლევის მიხედვით, "კორუფციის
აღქმის ინდექსში" საქართველოს 55 ქულა აქვს.
ეს მაჩვენებელი, წინა წელთან
შედარებით, ერთი ქულით გაუარესებულია. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას
შორის საქართველო 45-ე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და შუა
აზიაში პირველობას ინარჩუნებს.
"კორუფციის აღქმის ინდექსი"
მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური
რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის
კორუმპირებულობის დონეს ექსპერტებისა და ბიზნეს სექტორის მოსაზრებებზე
დაყრდნობით.
არის თუ არა 55 ქულა კარგი
შედეგი?
იმის გათვალისწინებით, რომ
რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა –
ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 55 ქულა საშუალო მაჩვენებელია.
მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს
აღემატება.
უფრო მნიშვნელოვანი არის ის,
რომ საქართველოს ქულა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის
შემდეგ, რაც ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების შეჩერებაზე
მიუთითებს. სახელმწიფოს ინსტიტუტების მიტაცების ტენდენციის
პარალელურად, საქართველოს მთავრობისთვის კორუფციასთან ბრძოლა არ
წარმოადგენს პრიორიტეტს და ბოლო წლებში არ განხორციელებულა იმგვარი
მასშტაბის ან ამბიციის რეფორმა, რომელიც ანტიკორუფციულ გარემოს
გააუმჯობესებდა. კორუფციასთან ამგვარი დამოკიდებულება უკიდურესად
სახიფათოა, რადგან მუდმივი და აქტიური წინააღმდეგობის გარეშე,
კორუფციის პრობლემის მხოლოდ დამძიმებას უნდა ველოდოთ,",-
მიაჩნიათ "კორუფციის აღქმის ინდექსის" ავტორებს.
მასალის გამოყენების პირობები