"2020 წლის გაზაფხულის სემესტრში,
მოსწავლეების სულ მცირე მეათედი ნაწილი აღმოჩნდა დისტანციური
სწავლა-სწავლების მიღმა, ხოლო მოსწავლეთა მეოთხედისთვის სწავლაში
ჩართვა შეზღუდული იყო," - ამ და სხვა პრობლემებზე
მიუთითებს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში.
ანგარიშმა აჩვენა COVID 19 პანდემიის გავლენა ზოგად
განათლებაზე ბევრი პრობლემითა და დანაკარგით.
კვლევის თანახმად,
მოსწავლეების ნაწილისთვის დისტანციური სწავლა არ იყო ხელმისაწვდომი
ან სწავლა მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობდა. ასეთი
მოსწავლეების ზუსტი რაოდენობა დაუზუსტებელია, თუმცა ცნობილია,
რომ 2020 წლის პირველ ნახევარში სულ მცირე მეათედი ნაწილი აღმოჩნდა
დისტანციური სწავლა-სწავლების მიღმა.
ონლაინსწავლებისთვის მზად არ
აღმოჩნდა მასწავლებლების მეოთხედი. მათ არ ჰქონდათ
ელემენტარული კომპეტენციები ისტ-ის მიმართულებით.
მასწავლებელთა ნაწილისთვის დღემდე
პრობლემად რჩება სწავლების დისტანციური მოდელი.
შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის მიერ 2020 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის
თანახმად, ისტ-ის მიმართულებით გადამზადებული იყო მასწავლებელთა 79%.
მათგან, დაახლოებით 58%-ს ბოლო ხუთი წლის მანძილზე გავლილი ტრენინგის
ფარგლებში ასწავლეს ვორდ-ის დოკუმენტზე მუშაობა, ელექტრონული
ცხრილების აგება, პრეზენტაციების აწყობა და მონაცემთა ბაზების შექმნა.
ასევე, მათ გააცნეს სწავლისა და სწავლების პროცესში ისტ-ის
გამოყენების პრინციპები. აღნიშნული ტრენინგები გავლილი აქვს საჯარო
სკოლის მასწავლებელთა დაახლოებით 60%-ს, ხოლო კერძო სკოლებში ეს
მაჩვენებელი 48%-ს არ აღემატება.
მასწავლებელთა ნაწილი
დისტანციურ რეჟიმში და ლიმიტირებულ დროში ვერ ასწრებს გაკვეთილის
ახსნას, უჭირს მოსწავლეების შეფასების მიდგომებისა და მეთოდების
დისტანციურ სწავლებაზე მორგება, ხოლო მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ
გაკვეთილები ლექციურ, ტრადიციულ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფლად მცხოვრები
მოსწავლეების უდიდეს ნაწილს გაკვეთილებზე დასწრება უკაბელო ან
ტელეფონში ჩართული ინტერნეტის საშუალებით უწევდა. 65
მუნიციპალიტეტიდან, დაახლოებით 10-ში შინამეურნეობების 50%-ზე მეტს
ჰქონდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი და დაახლოებით 10
მუნიციპალიტეტში, რომლებშიც 50 000-მდე მოსახლე ცხოვრობს, 5%-ზე
ნაკლებს აქვს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი. შესაბამისად, გამოკითხული
მოსწავლეების 61%-ისა და მასწავლებლების 50 %-ის თქმით, ინტერნეტი
ცუდად ან შეფერხებით მუშაობდა.
საკაბელო ინტერნეტზე წვდომის
თვალსაზრისით, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა 2021 წელს.
საქსტატისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის
თანახმად, თუ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში საკაბელო ინტერნეტზე ხელი
მიუწვდებოდა მოსწავლეების 55%-ს, 2021 წლის თებერვალ-მარტში ასეთი
მოსწავლეების წილი 77%-მდე გაიზარდა. ეს ცვლილება საგულისხმოდ მაღალია
ქალაქში მცხოვრები მოსწავლეებისთვის.
გამოწვევებს შორის სახელდება
შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული
სირთულეები.
სკოლის სახსრების ნაკლებობა,
პირბადეების შეძენა ოჯახებისთვის, დისტანციის დაცვა სკოლის ფართის
შეზღუდვების პირობებში, მოსწავლეების, განსაკუთრებით, დაწყებითი
საფეხურის მოსწავლეების მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვა და
ა.შ.
მოსწავლეების განვითარებაზე
პანდემიის გავლენა ჯერჯერობით არ შეფასებულა. დისტანციური
სწავლების ხანგრძლივობის, მისი ხარისხისა და მასში ჩართულობასთან
დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, მოსალოდნელია
მნიშვნელოვანი ჩამორჩენა მოსწავლეების აკადემიური უნარების
განვითარებაში.
ქართული სასკოლო
საზოგადოებისთვის ეს ჩამორჩენა უფრო თვალსაჩინოა დაწყებით კლასებში,
თუმცა, სხვა საფეხურებზე მასწავლებლებსა და დირექტორებს უჭირთ
სასწავლო დანაკარგის შეფასება. განსაკუთრებული წუხილის საგანს
წარმოადგენს მოსწავლეების სოციოემოციური მდგომარეობა, რომელიც
დირექტორების ნაწილის შეფასებით, გამოიხატება ინდიფერენტულობაში,
თვითიზოლაციასა და გარიყულობაში.
თემატური მოკვლევა მომზადდა
მასწავლებლების, მშობლების, სკოლების ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო
რესურსცენტრების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემოსული წერილობითი მოსაზრებების,
საჯარო განხილვებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული
კვლევების სინთეზის საფუძველზე.
COVID 19-ით გამოწვეული
პრობლემა მთელ მსოფლიოში საერთოა ყველასთვის. პანდემიამ განათლების
სისტემები უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე დააყენა. სულ მცირე, 188
ქვეყანაში დაიხურა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების,
ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები, სისტემის მიღმა აღმოჩნდა 1.6 მილიარდი ბავშვი,
მოზარდი და ახალგაზრდა.
მასალის გამოყენების პირობები