პროფესია
ფოტორეპორტიორი
რას გულისხმობს ეს
პროფესია?
ვინ ითვლება ფოტოგრაფად ტექნიკური
შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის ერაში?
როგორი იყოფო ტოგრაფია 30 წლის
წინ? როგორ მუშაობდნენ ფოტოგრაფები საბჭოთა პერიოდში და რა მოთხოვნებს
აყენებს დღევანდელობა ფოტოგრაფიაში?
ამ და სხვა საკითხებზე ფოტოგრაფი
გურამ წიბახაშვილი საუბრობს.
იგი საერთაშორისო პროექტის
"ტრანზიციაში დაკარგულის" (რომელსაც საქართევლოში „საბჭოთა წარსულის
კვლევის ლაბორატორია“ ახორციელებს) ფარგლებში ეწვია ქუთაისს და
საბჭოთა მძიმე გამოცდილებასთან ერთად, ფოტოგრაფის პროფესიის
მნიშვნელოვან ნიუანსებზეც ისაუბრა.
- რატომ ითვლება შავ-თეთრი ფოტო უფრო
საინტერესოდ, ვიდრე ფერადი?
- დიახ, ეს მითი არსებობს. იმის
გამო, რომ სამყაროს ადამიანების უმეტესობა ფერადად ვხედავთ, შავ
-თეთრი გარემო უკვე არ არის ნამდვილი. ადამიანებს კი
"არანამდვილისადმი" მიდრეკილება გვაქვს და გვგონია, რომ ეს უფრო
მხატვრულია. შავ-თეთრი არ აღიქმება რეალობად, უკვე
განსხვავებულია. რადგან რეალობა ფერადია, ფერადი სურათი ჩვეულებრივ
ფოტოდ გვეჩვენება. შავ-თეთრი არაჩვეულებრივია. ამიტომ, ასეთი აზრი
ჩამოყალიბდა, რომ შავ-თეთრი ფოტი უფრო კარგია, უფრო მხატვრული
და უფრო მიმზიდველი.
თუ ფოტო არის მხატვრულად,
იდეურად კარგად შესრულებული, ზუსტად ასახავს იმას, რისი თქმაც სურს
ავტორს, იქ უკვე აღარ უყურებ ფერადია თუ შავ -თეთრი. იქ ხედავ,
რომ ეს ფოტო არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი. ფოტოგრაფ
მარტინ პარს აქვს ფოტოების სერია, სადაც ასახულია ადამიანი, რომელიც
ყველაფერს მოიხმარს. ერთი ფოტო აქვს ძალიან მაგარი, ვიღაც მილიონერი
რუსების ქეიფია გადაღებული, მდიდრული მაგიდით, ხიზილალით და
შამპანიურებით. ვიღაც ქალია წინა პლანზე. აბრეშუმის კაბა აცვია
და დიდი ლაქა აქვს კაბაზე. როგორც ჩანს ღვინო გადაესხა. ის
ლაქაა მთელი ფოტო. ეს არის ფერადი ფოტო. შავ-თეთრი რომ ყოფილიყო,
აბრეშუმის ის მოწითალო კაბა ისეთი მრავლისმთქმელი არ გამოჩნდებოდა,
ამიტომ მთავარი არის ამოცანა, სათქმელი და ფოტო ფერადია თუ
შავ-თეთრი, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
მთელი 90-იანი წლები სულ ვწუხდი, რომ ცუდი ფირით ვმუშაობდი და არ
მქონდა შესაძლებლობა კარგი ფირი მეყიდა. იძულებული ვიყავი
გამომეყენებინა საბჭოთა კინოფირი, დამეჭრა და ჩამეხვია
აპარატში. ეს იაფი იყო. იაფი იყო იმიტომ, რომ არც ერთი
თავმოყვარე კინოოპერატორი, რომელთაც აძლევდნენ ამ ფირს ფილმის
გადასაღებად, არ გამოიყენებდა მას. ამიტომ აგდებდნენ. იმას
ვჭრიდით ჩვენ და ვიყენებდით. ცუდი ხარისხის ფოტოები გამოდიოდა.
ჩემი მაშინდელი ფოტოები მაინცადამაინც ხარისხიანი არაა. ეს სულ
მაწუხებდა, მაგრამ ახლა მივხვდი რომ ამ 90 -იან წლებს ცუდი ხარისხის
ფოტოები შეიძლება უკეთესად ასახავს, ვიდრე ფული რომ მქონოდა,
შემეძინა "კოდაკის" ფირი და იმით მემუშავა. ამიტომ, მგონია ის
ესთეტიკა, რომელიც ცხოვრებაში იყო, რაც მაშინ არსებობდა, სრული
სიმართლით გადმოვიდა ფოტოებზე.
პირველი ფერადი და ხარისხიანი ფირი
ვიღაც ტურისტმა მაჩუქა 1995 წელს. ქუჩაში გავიცანი აპარატიანი
ტურისტი, ფოტოგრაფი აღმოჩნდა, ფირი მაჩუქა. გადავიღე იმ
ფირით და მერე აღმოჩნდა, რომ მას თბილისში ვერ გავამჟღავნებდი.
მერე ვიღაც სხვას გავატანე საზღვარგარეთ. იმან გაამჟღავნა და
ჩამომიტანა. ასეთ მდგომარეობაში ვიყავით.
- არსებობს მოსაზრება, რომ ფირით გადაღებული
უკეთესი ფოტოა, ვიდრე ციფრული კამერით
- ციფრული გამოსახულება უფრო
ცუდია და ფირი უკეთესი - ესეც მითია. Რა თქმა უნდა, პირველი ციფრული
კამერები რომ გაკეთდა, თავიდან ხარისხი ცუდი ჰქონდა. დღეს
ციფრული კამერა ისეთ საშუალებებს გაძლევს ზომაშიც და ხარისხშიც,
რომ რატომ უნდა უთხრა არა ციფრულს?! ციფრულით შეიძლება
გადაიღო და ისეთი გამოსახულება მიიღო, რომ ფირით გადაღებულს გავდეს.
ადამიანი იოლად მოტყუვდება. ფირით გადაღებული ეგონება. თუკი ესაა შენი
ამოცანა, ციფრულით შეგიძლია ფირის ტიპის გამოსახულება
მიიღო. სამაგიეროდ, ფირიდან ვერ მიიღებ ციფრულ
გამოსახულებას.
Მე ვმუშაობ ასეთი პრინციპით, რა
კამერაც მაქვს და რისი შესაძლებლობაც აქვს კამერას, იმით ვცდილობ
განვახორციელო ის ამოცანა, რასაც ვისახავ. არასდროს გადამიღია ყველაზე
კარგი კამერით - ძვირია. ამიტომ, რა კამერაც მაქვს, იმით ვაკეთებ.
არიან ფოტოგრაფები, რომლებიც ამბობენ ეს კამერა არ მაქვს, ის კამერა
არ მაქვს, თორემ ამას და იმას გადავიღებდი. ფოტოგრაფია არაა კამერა,
ფოტოგრაფია არის ადამიანი, ვინც სურათებს აკეთებს. კამერა დღეს
ყველას აქვს. მთავარია ის გადაიღო, რაც გინდა, რომ ვიღაცას
აჩვენო და იმ ვიღაცამ ამაში რაღაც წაიკითხოს. ფოტოგრაფია ენაა.
წერა-კითხვა ყველამ ვიცით, მაგრამ ყველა მწერალი ხომ არ ვართ?!
ფოტოაპარატის ქონა არ ნიშნავს, რომ ფოტოგრაფი ხარ. ფოტოგრაფი
ხარ მაშინ, თუ გაქვს დამოკიდებულება, გაქვს სათქმელი და ფლობ
კამერას. კომპოზიცია უნდა იცოდე, მთავარი რა არის, წინა
პლანზე რა არის, ფონი რა არის უნდა იცოდე, როგორ გამოყო ეს
ყველაფერი. როგორც წერაში უნდა იცოდე მძიმე სად დასვა და აბზაცი სად
გააკეთო, ზუსტად ასეა ფოტოშიც. მთავარი ფირის და კამერის ხარისხი
არაა, მთავარია ის, რისი თქმა გინდა. ეს არის ორჯერ ორი -
ოთხი.
ადრე ამბობდნენ, რომ
ტელეფონით გადაღებულ ფოტოს ცუდი ხარისხი აქვს. ჟურნალი
National Georgraphic ცნობილი იყო იმით, რომ
ფოტოს ხარისხს ანიჭებდა მნიშვნელობას, თუმცა, მათ რამდენიმე წლის წინ
თქვეს, რომ მთავარია კარგი ფოტო იყოს და იყოს ტელეფონით
გადაღებული.
მთავარია ისიც, რომ შენმა
ფოტომ ასახოს ის პერიოდი. მაგალითად, გასული საუკუნის
90- იანებში გადაღებული ფოტოები, იმაზე მეტად ასახავენ მაშინდელ
რეალობას, ვიდრე მრავალსიტყვიანი ტექსტები. რაც უნდა წერო მაშინდელ
დროზე, იმ ნაწერშიც შეიძლება შეგვეპაროს ეჭვი. ის რომ ამ
ტექსტის ავტორი სუბიექტურია. მან კონკრეტული მოვლენა ასახა,
გააანალიზა არასწორად.
- ფოტოც შეიძლება იყოს სუბიექტური...
- Რა თქმა უნდა, მაგრამ ფოტოგრაფია
არის ის ხელოვნება, სადაც რასაც ხედავ კადრში, ყველაფერი ერთ დროს
არსებობდა. დღეს ციფრულ ტექნოლოგიაში რასაც გინდა იმას გააკეთებ, ფერს
შეუცვლი გამოსახულებას, მთვარეს მიაწებებ და
მანქანას ამოჭრი შიგნიდან, მაგრამ ყველა ვარიანტში რაც დარჩება
კადრში, რაც უნდა ტრანსფორმირებული იყოს, ის მაინც არსებობდა.
ფოტოში გამოყენებული მასალა ყველაფერი ნამდვილია, რეალურად
არსებობდა, რაც მხატვრებთან არ არის. მაგალითად, მხატვრებთან
რაც უნდა რეალისტურად დახატო სურათი, მაინც არსებობს ეჭვი, რომ მან
შეცვალა თუნდაც კაბის ფერი. ასეთი წინამოცემულობა აქვს
ფოტოგრაფიას. ამიტომ გახდა ფოტოგრაფია ერთ- ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი დოკუმენტის მატარებელი ხელოვნება.
ის აუცილებლად სუბიექტურია.
ერთი ძალიან კარგი წიგნი იყო ფოტოგრაფიაზე, ერთ გვერდზე
იყო 14 წლის გოგოს პორტრეტი. გოგონა იღიმება კადრში.
გვეკითხებიან რას ხედავთ ამ ფოტოზე? ყველა ამბობს, რომ ლამაზი
გოგოა, ბედნიერია, მხიარულია, დადებითი ემოციების მატარებელი
ფოტოა, მაგრამ მეორე გვერდს რომ გადაშლიდი, ზუსტად იგივე ფოტო ჩანდა,
ოღონდ, უკვე სრული სახით და გოგონას ჰქონდა ექვსქიმიანი
ვარსკვლავი. ფოტო გადაღებული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს,
გოგონა ებრაელი იყო და არავინ იცის დღეს მისი ბედი.
ფოტო ორივე შემთხვევაში ერთი და
იგივე იყო, მაგრამ სხვანაირად არის მოჭრილი და ამან შეცვალა
ყველაფერი. ფოტოს სრულ ვერსიაში უკვე იმაზე კი აღარ ფიქრობ, რომ
რა ლამაზი გოგოა, არამედ იმაზე, რომ ვიღაცამ ვიღაცა დაჩაგრა და რომ ეს
არ არის სწორი. კონტექსტს და ავტორს გააჩნია რას
გთავაზობს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის გოგო არსებობდა ამ ფოტოშიც
და იმ ფოტოშიც და ეს არის რეალობა. მერე იმ
რეალობას როგორ გადაიაზრებ, ეს სხვა რამეა.
ფოტოგრაფიის საფუძველია ის
რაც ნამდვილად არსებობს.
საბჭოთა დროს რომ მუშას
ეუბნებოდნენ, ჰალსტუხი გაიკეთე, იმიტომ რომ უნდა გადაგიღოთო, ის
მუშა ნამდვილად არსებობდა, მაგრამ სინამდვილეში ისეთი არ იყო,
როგორადაც ფოტოზე გამოიყურებოდა. მას ორი წუთით ადრე ზეთით დასვრილი
სამუშაო ხალათი ეცვა და არა ის ჰალსტუხი, რომელიც ფოტოსთვის გაუკეთეს.
ეს არის ისტორიის გადაწერა. მაშინდელი გაზეთები რომ დაათვალიეროთ,
იტყვით: რა კარგი ცხოვრებაა, ყველა იღიმის, კარგად
გამოიყურებიან, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. აბსოლუტურად პირიქით
იყო.
ეს ტექსტსაც ეხებოდა. მაშინდელ
თაობას გვასწავლეს სტრიქონებს შუა კითხვა. ვკითხულობდით და
ვფიქრობდით, სინამდვილეში რა უნდა ეწეროს. დღესაც ასე მაქვს
ტვინი მოწყობილი. ხშირად იმ არხებს ვუყურებ, სადაც გეუბნებიან ტყუილს.
იმიტომ, რომ ზუსტად იცი, რასაც იქ გეუბნებიან, იმის
საწინააღმდეგო უნდა იფიქრო, რადგან, შეიძლება, ის უფრო კარგად
გაწვდის იმას, რაც სინამდვილეში ხდება, ოღონდ ეს უნდა
გადაიაზრო.
მაშინდელი პროპაგანდა იძახდა, რომ
ყველაფერი კარგად მიდის, გეგმები სრუდება გადაჭარბებით, Მაგრამ ვისაც
საბჭოეთის ბოლო წლები ახსოვს, ისიც ემახსოვრება რა დარჩა ამ "კარგი
ცხოვრებიდან". მაღაზიაში იყო მხოლოდ შესქელებული რძე და მისი
პირამიდები ვიტრინაში, სხვა არაფერი. დათო ჩიხლაძე გახლდათ
პოეტი. მან და კიდევ რამდენიმე პოეტმა გადაწყვიტეს ეს სიცარიელე
ლექსებით შეევსოთ. გასტრონომიული პოეზია დაარქვეს ამ აქციას.
რამდენიმე პოეტი გასტრონომებში იდგა და ლექსებს
კითხულობდა. ხალხს არც ფული ჰქონდა და არც საქონელი ხვდებოდა
მაღაზიაში, ამიტომ ლექსებს მაინც მოისმენდნენ. სულიერ საკვებს მაინც
აძლევდნენ მაღაზიებში შემომსვლელებს.
- ყველაფერ ამის გათვალისწინებით, რატომ
ენატრებათ საბჭოთა კავშირი?
- არ მგონია ასეთი საზოგადოების
დიდი პროცენტი იყოს. ყველას, ალბათ, საკუთარი ბავშვობა
ენატრება. ვინც საბჭოეთში დაიბადა და გაიზარდა მას
საკუთარი ბავშვობა უყვარს. ამას შეიძლება დაარქვა, რომ დადებითი
ემოციები აქვთ საბჭოეთის მიმართ, მაგრამ თუ ამის ანალიზს
გააკეთებ, არ შეიძლება გქონდეს თავად სისტემისადმი რაიმე
დადებითის თქმის სურვილი. ადამიანები, ვინც იძახიან საბჭოეთი კარგი
იყოო, უბრალოდ, მათ არ უნდათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის
აღება, იმიტომ რომ ეს მძიმე ტვირთია. ურჩევნიათ, ვინმემ უთხრას
ეს გააკეთე, ის გააკეთე. სწორედ ეს არის საბჭოეთის
სიყვარული. არადა ადამიანის ერთ - ერთი მთავარი ფუნქცია
პასუხისმგებლობაა.
მასალის გამოყენების პირობები