ქუთაისში, გორას დასახლებაში,
ოთხი მიმართულებით (N1, N2, N3, N5) მოძრავ ტრანსპორტზე მგზავრობა
გაძვირდა.
მგზავრებს ფიქსირებული 50 თეთრის ნაცვლად, 70 თეთრის გადახდა უწევთ.
გადამზიდავი კომპანია ტარიფის ცვლილებას საწვავზე გაზრდილი ფასით
ხსნის, ქუთაისის მერიაში კი პასუხისმგებლობას იხსნიან და ამბობენ, რომ
ხაზები კერძო კომპანიას ეკუთვნის. დაზარალებული მხოლოდ მოსახლეობა
რჩება, რომლებსაც რელიეფურად რთულ უბანში გადაადგილების ალტერნატივა
არ აქვს.
შპს "იმერტრანსის"
წარმომადგენელი გოდერძი ქასრაშვილი ამბობს, რომ ამ
გადაწყვეტილებით, გორას დასახლება ტრანსპორტის გაუქმებისგან
გადაარჩინეს.
"70 თეთრი გავხადეთ
იმიტომ, რომ ერთი ლარი არ გამხდარიყო და ამით დავიცავით მოსახლეობის
ინტერესი. მქონდა მძღოლებთან შეხვედრა და ფაქტობრივად წყვეტდნენ
მუშაობას, ვერ შევძლებთო თქვეს. დავთვალეთ ხარჯი და ერთ ლარზე მეტიც
იყო, მაგრამ ერთ ლარს ხომ ვერ გავხდიდით? ამიტომ შევთანხმდით 70
თეთრზე. ფაქტობრივად, გადავარჩინეთ მოსახლეობა, რომ მომსახურების
გარეშე არ დარჩენილიყვნენ", - ამბობს გოდერძი
ქასრაშვილი.
ქუთაისის მერიაში, რომელსაც არც
მოქალაქეების დაცვა შეუძლია თვითნებური გაძვირებისგან და ვერც
ალტერნატივას სთავაზობს საკუთარ მოსახლეობას, განმარტებას არ
აკეთებენ. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციის მისაღებად
წერილი უნდა მივწეროთ.
მგზავრობის გაძვირებას ითხოვენ
მიკროავტობუსების მძღოლებიც. ისინი პირად საუბრებში აცხადებენ, რომ
საწვავის ფასის ზრდის პირობებში, თუ მგზავრობის ღირებულებამ არ
მოიმატა, მუშაობას შეწყვეტენ.
არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის
პირობებში ქუთაისის მერია არაერთხელ აღმოჩენილა კრიზისულ ვითარებაში.
გასულ წლებში, როცა საქალაქო ტრანსპორტი სრულად კერძო კომპანიების
ხელში იყო, მძღოლები იფიცებოდნენ და მგზავრობის ტარიფიც იზრდებოდა.
იმის მიუხედავად, რომ სამარშრუტო ხაზები მერიას ეკუთვნოდა, ადგილობრივ
ხელისუფლებას გადამზიდავ კომპანიებთან მუდმივად კომპრომისი
უწევდა.
მიმდინარე წლის თებერვლიდან, ქალაქს მუნიციპალური ავტობუსები
ემსახურება, თუმცა, ცვლილება მხოლოდ საავტობუსო ხაზებს შეეხო. ისეთ
უბანში კი, როგორიც გორაა, მერიას საკუთარი ხაზებიც კი არ
აქვს.
მასალის გამოყენების პირობები