შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები -
ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს,
- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე
განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და
მხარდამჭერების მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყება შეაფასა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა
აქვს, რომ ხელისუფლებას პრობლემა სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით
შეუქმნას.
„შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები. ადამიანის
ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია
და ამ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა, როგორც სახალხო
დამცველი, გულწრფელად რომ ვთქვა, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი
საქართველოს პარლამენტში იყოს.
ვფიქრობ, საქართველოში ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს,
რომ პარლამენტში ცოცხალი პროცესი იყოს და თუნდაც პრობლემა შეუქმნან
ხელისუფლებას სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით. ვფიქრობ, ეს გზა
პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისითაც უფრო ეფექტიანი იქნება. თუმცა,
პოლიტიკური პარტიები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ სტრატეგიას
მიმართავენ“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
21 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარემ
ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების
მოთხოვნით უვადო, მასობრივი შიმშილობა დაანონსა.
მისი თქმით, დღეს შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანი
მონაწილეობს.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი
მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის
საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა
6 წლის ვადით.
გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელე იმედის" დარბევის, 7
ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ
დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო
სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -
პატიმრობა გაუუქმა. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო
კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად
მიიჩნევს.
მიხეილ სააკაშვილი ერთ თვეზე მეტია გორის სამხედრო ჰოსპიტალში
მკურნალობს.
მასალის გამოყენების პირობები