საქართველოს მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის
აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან.
ქუთაისის საკრებულოს რამდენიმე წევრი თბილისში პარლამენტის წინ
კარავში შიმშილობს.
"ათი ადამიანია ქუთაისიდან ვინც შიმშილობს, დღესაც აპირებენ
წასვლას და ხვალაც, რა თქმა უნდა '', - განმარტავენ
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის
პრესსამსახურში.
21 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარემ
ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების
მოთხოვნით უვადო, მასობრივი შიმშილობა დააანონსა.
ნიკა მელიას თქმით, შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანი მიიღებს
მონაწილეობას.
2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე
მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს
სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი
მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის
საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა
6 წლის ვადით.
გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელე იმედის" დარბევის, 7
ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ
დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო
სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -
პატიმრობა გაუუქმა. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო
კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად
მიიჩნევს.
მიხეილ სააკაშვილი ერთ თვეზე მეტია გორის სამხედრო ჰოსპიტალში
მკურნალობს.
მასალის გამოყენების პირობები