საქართველოს კულტურის სამინისტრო ბაგრატის ტაძართან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ტაძრის დაზიანებასთან დაკავშირებით სამინისტრო მთელ პასუხისმგებლობას
წინა ხელისუფლებას აკისრებს.
„ბაგრატის ტაძარზე 2009-2012 წლებში ჩატარებული "აღდგენითი
სამუშაოების" შედეგად ძეგლზე შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები
გადახურვისა და ფასადის მიმართულებით. ლიფტის უჯრედის გადახურვისა და
ტაძრის კედლებში დატანებული სარკმლების ქვედა ნიშნულზე ხდება წყლის
ჩაჟონვა. ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი
ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც შეძენილი
მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს“, - აღნიშნულია
უწყების ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კულტურის სამინისტრო მიუთითებს, რომ „სახელმწიფოს მიერ სამუშაოების
დაჩქარებულ ტემპში წარმოებამ ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის
სამონასტრო კომპლექსი 2012 წელს საბოლოოდ მსოფლიო მემკვიდრეობის
ნუსხიდან ამოღების გარდაუვალი რეალობის წინაშე დააყენა“.
სამინისტრო გავრცელებული განცხადებით შეახსენებს დაინტერესებულ
მხარეებს, რომ 2017 წელს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ
გატარებული ქმედითი ღონისძიებების შედეგად, მსოფლიო მემკვიდრეობის
ნუსხას დამოუკიდებლად დაუბრუნდა მხოლოდ გელათის სამონასტრო
კომპლექსი.
კულტურის სამინისტრო იმასაც შეახსენებს საზოგადოებას, რომ აღნიბშნული
უწყება ანუ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიმდინარე
წლის მარტში შეიქმნა და რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს კულტურის
მინისტრი ეწვია ბაგრატის ტაძარს და ადგილზე გაეცნო წინა ხელისუფლების
მიერ ბაგრატის ტაძრის "რესტავრაციით" გამოწვეულ პრობლემებს, რომლებიც
ყოველ წელს სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს.
შესაბამისად სამინისტრო ბაგრატის ტაძრის დაზიანებებზე
პასუხისმგებლობას გარკვეულწილად იხსნის და ტაძრის საკითსის გარშემო
აჟიოტაჟის ატეხვას პოლიტიკურად ანგაჟირებული პირთა ჯგუფს
მიაწერს.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ეხმიანება რამდენიმე ე.წ. სამოქალაქო აქტივისტის და ანგაჟირებული
ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ცილისწამებას იმასთან დაკავშირებით,
თითქოს ბაგრატის ტაძარში უმძიმესი მდგომარეობაა და ხელისუფლება,
კერძოდ, კულტურის სამინისტრო პრობლემებს უგულებელყოფს და კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლებს პოლიტიკური ნიშნით ანსხვავებს.
მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება ალბათ მხოლოდ იმ ადამიანებს
შეუძლიათ, ვის მიერ მოწონებული 2009-2012 წლებში ჩატარებული
"სარესტავრაციო სამუშაოების" შედეგადაც ბაგრატის ტაძარი მსოფლიო
მემკვიდრეობის ნუსხიდან იქნა ამოღებული. ამ ჯგუფს, სავარაუდოდ, ისიც
შეუძლია, რომ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რაიმე ნიშნით,
მით უფრო პოლიტიკური ნიშნით განასხვავოს“, - აღნიშნულია სამინისტროს
განცხადებაში.
ბაგრატი ტაძარში
გადახურვის პროცესში დაშვებული ხარვეზის გამო
ექსპერტიზა იყო დანიშნული. თუმცა, კონკრეტული დრო
თუ როდის უნდა მომხდარიყო მისი ჩატარება ამ დრომდე უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები