შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოპედებისა და მსუბუქი
კვადროციკლების მფლობელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ნებაყოფლობით
დაირეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალება.
დღეიდან, 6 დეკემბრიდან, ამოქმედდა "საგზაო მოძრაობის შესახებ"
საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის შედეგად
განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი
კატეგორია/ქვეკატეგორია:
ს
ატრანსპორტო საშუალების "AM" კატეგორია, რომელიც აერთიანებს
მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს;
სატრანსპორტო საშუალების "A2" ქვეკატეგორია, რაც ითვალისწინებს
მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო
სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს.
აღნიშნული ცვლილების მიხედვით, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი
განისაზღვრა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებად. შესაბამისად, "AM"
კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო
რეგისტრაციას და მათ სამართავად საჭირო იქნება შესაბამისი მართვის
უფლების მოპოვება.
დაინტერესებულ პირებს დღეიდან საშუალება ექნებათ, ნებაყოფლობით
დაირეგისტრირონ "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები და მოიპოვონ
შესაბამისი მართვის უფლება, ხოლო 2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და
მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და "AM" კატეგორიის სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება.
"AM" კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად ასაკობრივი ზღვარი
განისაზღვრა 16 წლიდან. მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის
უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება.
თეორიულ გამოცდაზე პირველად, ერთჯერადად გასვლის დროს, დაინტერესებული
პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან. "AM"
კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ
გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის
მართვის უფლებას, მას უფლება აქვს, მართოს "AM" კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებები.
გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28
მარტამდე "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება
ან/და რეგისტრაციიის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი
დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირების ცენტრების საშუალებითაც.
შსს-ს ინფორმაციით 2022 წლის 26 თებერვლამდე, "AM" კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას, მცირდება კანონით
დადგენილი საფასური.
"A2" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მოპოვებისთვის ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 18 წლიდან. "A2"
ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად,
დაინტერესებულმა პირმა საჭიროა, ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები
თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.
თუ პირი ფლობს "A1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლებას, მას უწევს მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.
"A2" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე
პირს უფლება აქვს, მართოს როგორც "AM" კატეგორიის სატრანსპორტო
საშუალება, ასევე, "A1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება და
ტრიციკლი, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი
კვადროციკლის რეგისტრაცია და "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდება.
მასალის გამოყენების პირობები