ქუთაისის ახალარჩეული საკრებულოს
წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს ლეგიტიმაცია უკვე
ცნეს.
პირველ სხდომაზე დეპუტატებმა
აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი სამი მოადგილე, კომისიებისა და
ფრაქციების ხელმძღვანელები.
მე-7 მოწვევის საკრებულოს
ისევ წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია
უხელმძღვანელებს. მოადგილეები კი პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის
ორგანიზაციის თავმჯდომარე გია ბასილაძე, ტურიზმის ცენტრის
ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი და წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი
თეიმურაზ ნადირაძე გახდნენ.
ახალი მოწვევის საკრებულოში
ორი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ასევე წინა მოწვევის
საკრებულოს დეპუტატი მარეხი ნიჟარაძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი გიგა შუშანია, რომელიც იგივე
პოზიციას იკავებდა მე-6 მოწვევის საკრებულოში.
ახალარჩეულ საკრებულოში ხუთი
კომისია იმუშავებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ამირან
კოპალეიშვილი გახდა, ასვე წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი. გასული
ოთხი წელი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი იყო მამუკა რიჟამაძეც,
რომელიც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ჩაიბარებს,
ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას ლევან
სანიკიძე უხელმძღვანელებს, იურიდიულ საკითხთა კომისიას თეა ჯუღელი,
ხოლო განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიას - ბექა
ქებულაძე.
მმართველმა პარტიამ საკრებულო
ძველი სახეებით დააკომპლექტა. ნაწილობრივ ძველი სახეებითაა
წარმოდგენილი ოპოზიციაც.
3 დეკემბერს ქუთაისის
ახალარჩეული საკრებულო პირველად შეიკრიბა. სხდომა ოპოზიციის ხმაურიანი
განცხადებების ფონზე გაიხსნა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჩატარებული
თვითმმართველობის არჩევნებს არადემოკრატიული უწოდეს.
სხდომის დაწყებამდე თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ
აქცია გამართა სამოქალაქო აქტივისტმა, რომელიც აცხადებდა, რომ
არჩევნები გაყალბდა. მან საკრებულოს სხდომაზე დასწრების მიზნით
შენობაში შესვლა სცადა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა და
რასაც მისი დაკავება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, ზაალ კუხიანიძის დაკავება ადმინისტრაციული წესით
მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები