გელათის სამონასტრო კომპლექსი, სადაც იტალიელი
ექსპრეტები მუშაობენ, 20 დღეზე მეტია დაკეტილია.
უცხოელმა სპეციალისტებმა
მუშაობა ნოემბერში დაიწყეს, რომლის დროსაც მთლიანად
შეიზღუდა სამონასტრო კომპლექსში შესვლა. მოგვიანებით, ეს
აკრძალვა ნაწილობრივ მოხსენეს. ამ დროისთვის მხოლოდ ტაძრის ეზოშია
შესვლა ნებადართული, ხოლო ნაგებობაში აკრძალულია.
"
მათ (ექსპერტებს) უნდა ჰქონდეთ მყუდრეობა. მუშაობის დროს ტემპერატურა
უნდა იყოს შენარჩუნებული. შეზღუდვა პარასკევს
მოიხსნება", - ამბობს
სამონასტრო კომპლექსის წინამღვარი არქიმანდრიტი მოძღვარი
იოსები.
იტალიელი კლიმატოლოგის დასკვნის
საფუძველზე, გელათში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამოქმედო
გეგმა უნდა შემუშავდეს.
გელათის სამონასტრო კომპლექსის
დაკეტვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. კულტურული მემკვიდრეობის
სააგენტოს უკვე წესად ექცა, ტაძარში არსებული დაზიანებების
შესწავლის მომენტში, სამონასტრო კომპლექსის შესასვლელის
ჩაკეტვა.
გელათის მონასტერში გადახურვის
სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ
თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას
შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები
განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა
და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ
გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა. მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის
იმედადაა დარჩენილი.
გელათის სამონასტრო კომპლექსში
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად
განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ
ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში
1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე
განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და
საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი
ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
მასალის გამოყენების პირობები