საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა
სასამართლო დარბაზიდან მოქალაქეებს მიმართა. მან იმ მიზეზებზე
ისაუბრა, რის გამოც საქართველოში ჩამოვიდა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას
უკრაინაში მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია და ორჯერ შესთავაზეს
პრემიერ-მინისტრობა, თუმცა შეთავაზებაზე ორივეჯერ უარი
თქვა.
მან სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა,
რომ ის მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში კითხულობს ლექციებს და ყველა
ლექცია ანაზღაურებადია. სააკაშვილის თქმით მატერიალურად არასდროს არ
ყოფილა ისე კარგად, როგორც უკრაინაში და რომ მას უკრაინა ძალიან
უყვარს, მაგრამ ამავდროულად გიჟივით უყვარს საქართველო.
,,მე ყველაფერი გვერდზე გადავწიე და
უარი ვთქვი დროებით, ჩამოვედი საქართველოში, სადაც შეიძლებოდა გზაში
მოვეკალი, ან დილეგში ჩავესვი, სადაც ჩემი ცოცხლად დარჩენის შანსი იყო
მინიმალური. ალბათ ბევრი იტყვის რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა
აიძულოს ადამიანი რომ ეს ყველაფერი გადადო გვერდზე და მორევში
ჩაეშვას. მიზეზი, რატომაც ვარ აქ, არის ის რომ გიჟივით მიყვარს
საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ყოველ ღამე მესიზმრებოდა
საქართველო, ბათუმი, აფხაზეთი, ჩემი ეზოს სტადიონი და სულ უფრო
აუტანელი ხდებოდა განცდა, რომ ჩვენ ამას ვკარგავდით, რომ ამას ჩვენი
ერი კარგავს. მე ჩამოვედი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველისგან
გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. მე მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა,
რომ ვკარგავდით სამშობლოს და ან ახლა ან არასდროსო, მე მითხრა ეს
სანდრამაც, რომელსაც ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს სამშობლოსთვის
გაკეთებული, მათ შორის სკრინინგიც. ბოლოს, დედაჩემმაც, რომელიც არის
საქართველოს ისტორიის კარგი მცოდნე, მითხრა, რომ როგორც დედას, არ
უნდოდა თავი საფრთხეში ჩამეგდო, მაგრამ სამშობლოს ახლა ვჭირდებდი. რა
თქმა უნდა ლიზა იასკომაც მითხრა, რომ კატასტროფა ხდება ჩვენს
ქვეყანაში. ამიტომაც, მე დავბრუნდი აქ'',- განაცხადა სასამართლო სხდომაზე მიხეილ
სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი
მიმდინარეობს. პარალელურად, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები აქციას
მართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან.
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007
წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია "იმედში"
შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების მითვისებას
ედავება. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან
დაკავშირებითაც.
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია
ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და
სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7
ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ
დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო
სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -
პატიმრობა გაუუქმა.
მიხეილ სააკაშვილი პირველ
ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები