ახალი ამბები
ქუთაისის 2022 წლის "გაბედული" ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოქალაქეების გარეშე
FaceBook
"მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება უფრო გაბედული და პრობლემების მოგვარების ბიუჯეტი" -
ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა,  2022 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვაზე განაცხადა.

ბიუჯეტის სამუშაო ვერსიის განხილვის პირველი შეხვედრა, დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ბიუჯეტის პროექტზე საუბარი თვითმმართველობის პირველ პირებს  თითქმის ცარიელ დარბაზში, მხოლოდ თანამშრომლებისთვის (მერია/საკრებულო/ააიპები) და რამდენიმე არასამთავრობო სექტორის წარმომდგენლისთვის მოუწიათ.

"ვისურვებდი, რომ უფრო მეტი იყოს ჩართულობა ჩვენი მოქალაქეების ამ პროცესში, რათა მეტად მოხდეს მათი საჭიროებების და იდეების ბიუჯეტში ასახვა", - აღნიშნა ქალაქის მერმა.

დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 22 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით და ის 82 მილიონ ლარს შეადგენს.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მომდევნო წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული მიმართულებები შემდეგნაირად დაფინანსდა:

ინფრასტრუქტრული პროექტები - 29 929 000 ლარი;

კულტურის სფეროს განვითარება - 8 845 000 ლარი, გაზრდილია 1 300 000-ით.

სოციალური პროგრამები - 5 958 000 ლარი, გაზრდილია 541 000 ლარით,

ეკონომიკის განვითარება - 1 940 000 ლარი, გაზრდილია 170 000 ლარით;

შეხვედრაზე მერის მოადგილემ იუზა უგულავამ განმარტა, რომ მომდევნო წელს პრიორიტეტული იქნება საბინაო ინფრასტრუქტურა, რომლისთვისაც 5 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავენ.

"ამ მიმართულებით არასდროს დახარჯულა ერთ მილიონზე მეტი. მომდევნო წლისთვის კი გადავწყვიტეთ, მეტი მოვახმაროთ ამ მიმართულებას. უფრო კონკრეტულად, მოვაწესრიგოთ ფასადები, სახურავები, ლიფტები, ავარიული შენობები და ასე შემდეგ", - აღნიშნა იუზა უგულავამ.

მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე ქალაქის მერს ის ინფრასტრუქტურული პროექტები შეახსენეს, რომელიც წინა წლებში იყო დაგეგმილი და არ განხორციელდა.

"საინტერესოა რა ბედი ეწია ელექტრომობილების ქარხანას, ან რიონისპირა სახლებს ან თუნდაც, პარლამენტის მიმდებარედ რაგბის სტადიონის მოწყობას", - მიმართა "სირცხვილიას" აქტივისტმა მიშა მუმლაძემ იოსებ ხახალეიშვილს, რაზეც მან ქალაქის პირველი პირისგან საყვედური "დაიმსახურა".

"როცა საზოგადოების წინაშე წარსდგება ადამიანი, მეტად მომზადებული უნდა იყოს. რაც შეეხება, რიონისპირა სახლებს, სასამართლო პროცესი დასრულებისკენ მიდის. მოხდა მორიგება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. პროექტი აუცილებლად გაგრძელდება. ელექტრომობილების ქარხანა ეს არის კერძო ბიზნესის ინიციატივა, რომელსაც სახელმწიფომ უპრეცენდენტო მხარდაჭერა გამოუცხადა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ. პროექტის ხანგრძლივობა გადაავადა ეკონომიკის სამინისტრომ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა სხვადასხვა ფოკუს ჯგუფში ისევ გაგრძელდება, საბოლოო ვერსია კი საკრებულომ 24 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.