"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო და
თანამებრძოლებო!
მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო სოლიდარობისთვის
და ჰუმანურობისთვის" - ეს მიმართვა საქართველოს ყოფილმა
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გლდანის ციხიდან გორის სამხედრო
ჰოსპიტალში გადაყვანის წინ გაავრცელა.
ყოფილი პრეზიდენტი მადლობას უხდის
ყველას გვერდით დგომისა და ჰუმანურობისთვის, რაც მის მიმართ
გამოიჩინეს.
„მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი
ხალხის, გაოგნებული ვარ ამ დღეებში საზოგადოების ამგვარი
კონსოლიდაციით, გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ, ვისაც
ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და
მთლიანად დაკავდით არა პირადად ჩემი საკითხით, არამედ ქვეყნისთვის
სირცხვილის ჩამორეცხვის და მისი დასავლური კურსის გადარჩენის
საკითხით. პირველ რიგში, სწორედ ამან გამოიწვია მსოფლიოში ასეთი
რეზონანსი. ძალიან დიდი მადლობა
ამისთვის.“
მიხეილ სააკაშვილი ბოდიშს უხდის
საზოგადოებას, მის მიერ, როგორ თავად აღნიშნავს, უნებლიედ
მიყენებული სტრესისთვის. იგი ბოდიშს უხდის ყველას,
განსაკუთრებით - ბავშვებს.
„ამავე დროს, მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემს
მიერ, უნებლიედ მიყენებული სტრესისთვის, რომელიც მიადგა მთავრობის
გულქვაობის პირობებში ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად
მასმედიაში გაშუქებას. ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით -
ბავშვებს.“
მიმართვაში პრეზიდენტი გამოყოფს
პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შესახებ და მას
გმირობას უწოდებს. ამასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი მადლიერებით
მოიხსენიებს ყველას, ვინც მის მიმართ, ამა თუ იმ ფორმით, მხარდაჭერა
გამოხატა.
„დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის.
მისი თავდადება განვლილი კვირების განმავლობაში, ღირსების და
პატრიოტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მაგალითია ჩვენი ქვეყნის
ისტორიაში. მადლობა ჩვენს ეროვნულ სიამაყეს, პაატა ბურჭულაძეს.
მადლობა ყველა დონის დეპუტატებს სოლიდარობის ნიშნით შიმშილობისთვის.
რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და სინამდვილეში ყველაზე
გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის, თუ
შიმშილობის აქტებისთვის, პეტიციების ხელმოწერისთვის, თუ სხვა ტიპის
მხარდაჭერისთვის.
უზარმაზარი მადლობა მთელ საექიმო
თანამეგობრობას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი პროფესიული წესიერება და
კვალიფიკაცია გამოიჩინეს. მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს გვერდით
დგომისთვის და ძალიან დიდი ბოდიში მიყენებული
ნერვიულობისთვის.
ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო
მეგობრებს და საერთაშორისო მედიას ჩემი სიცოცხლის უფლებისთვის
ბრძოლისთვის და რაც მთავარია, ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის.
განსაკუთრებული და უზარმაზარი მადლობა ნინო ლომჯარიას და მის
არაჩვეულებრივ გუნდს წარმოუდგენელი მასშტაბისა და მნიშვნელობის
წვლილისთვის ქვეყნის დემოკრატიაში. დიდი მადლობა სახელმწიფო
ინსპექტორის ოფისს და მის გუნდს, დემოკრატიის დაცვისთვის და ჩემს
მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამოძიების
წარმართვისთვის.
დიდი მადლობა ყველა კონსილიუმის თუ
საექსპერტო ჯგუფის თითოეულ კეთილსინდისიერ და პროფესიონალ წევრს.
მადლობა უკრაინის სახალხო დამცველს. განსაკუთრებული მადლობა უკრაინის
პრეზიდენტს და უკრაინელ ხალხს. ჩემი განსაკუთრებული მადლობა ქართულ
თავისუფალ მედიას. დღეისთვის, ამ ქვეყნის მომავალზე ყველაზე
გამორჩეულად, თავდადებულად და, რაც მთავარია, წარმატებულად მებრძოლ
ინსტიტუციას.
მადლობა ყველას, ყველას, ყველას. თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ
სიკვდილს და, რაც მთავარია, საქართველო გადაარჩინეთ ისტორიულ
სირცხვილს და სამუდამოდ რუსეთის ბნელეთში
გადაჩეხვას.
მე დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის
ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ
განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ,
არც ერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ
შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას.“
მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას
გამოთქვამს, როგორც თავად უსვამს ხაზს, სამართლიანი სასამართლოს
წინაშე წარსადგომად.
„მე, მიხეილ სააკაშვილი,
მზად ვარ წარვდგე, თუნდაც, სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი
სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ
შორის, იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა, ან
ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მაგრამ, ეს
ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმების
განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ
განაჩენს.
თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს,
რომ მისი დღევანდელი პატიმრობა არის უკანონო.
“მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა
არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ, დავასრულოთ ქვეყნის
გათავისუფლებით.“
მესამე პრეზიდენტი მიუთითებს, რომ
როდესაც გათავისუფლდება ისიც ჩაერთვება ქვეყნის ფეხზე დაყენების
საქმეში.
„...და როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა, მეც
ვიქნები თავისუფალი. როგორც კი თავისუფალი ვიქნები, თქვენთან ერთად
ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი
თანასწორთა შორის. ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების
საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში.
სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უიმედობის
დასრულებაში.
ახლა მოშვების დრო არ არის. ახლა
კონსოლიდაციის დროა. არ შეუშინდეთ არც ზამთარს და არც რეჟიმის
მუქარას. არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ. მთავარი
ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს, რას ვითხოვთ ისეთს,
რასაც არ ვიმსახურებთ? ვითხოვთ, ვცხოვრობდეთ თავისუფალ, არაძალადობრივ
ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ არ გვეჭიროს თვალი
გაქცევაზე, შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ
ჩვენს მშობლებს. გვქონდეს მომავალი როგორც პირადად, ასევე მთელ
ქვეყანას.
როგორც არასდროს, ისე მჯერა გამარჯვების და
როგორც არასდროს, მჯერა, რომ ახლა სწორედ გამარჯვების
დროა.
არც ერთი გარიყული ადამიანი!
არც ერთი დაკარგული წამი!
არც ერთი ნაბიჯი უკან!".
გლდანის ციხეში 50 დღიანი
შიმშილობის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები