ახალი ამბები
რა ხდება ხეობაში და რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნამახვანჰესზე
FaceBook
"ნამახვანჰესის მშენებლობის ალბათობა იმდენივეა, რამდენიც მთლიანი  პროექტის შეწყვეტა" - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
ნათია თურნავა ამბობს, რომ მოლაპარაკებები, რომელიც კომპანია "ენკასა" და სამინისტროს შორის მიმდინარეობს, ქვეყნის  ეკონომიკის სასარგებლოდ უნდა დასრულდეს, რაც იმას  ნიშნავს, რომ შესაძლოა, ხეობაში ჰესი აშენდეს. 

"თანაბრად განიხილება ახლა, ამ ეტაპზე, როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე, მათი მხრიდან პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ, რომ შემხვედრის სურვილიც სახეზეა,"
– განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მას შემდეგ რაც, კომპანია "ენკამ" გაავრცელა განცხადება, რომ  ხეობაში  ჰესების მშენებლობაზე დადებულ ხელშეკრულებას წყვეტდა,  ეკონომიკის სამინისტრომ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც  მხარეებს  კომუნიკაციაში დაეხმარებოდა. 

"ჩვენ მათთან კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან შეხვედრებს, კომუნიკაციებს აწარმოებენ, არა ჩემს დონეზე ჯერჯერობით, თუმცა, პირადად ვაკვირდები.  იმ წერილის შემდეგ ვამონიტორინგებ ამ პროცესს, ხდება უკვე სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე ურთიერთკომუნიკაცია", - განმარტავდა ნათია თურნავა ცოტა ხნის წინ. 

მხარეებს შორის შეხვედრა სექტემბრის შემდეგ, როგორც თურნავა ამბობს, მხოლოდ ორჯერ შედგა, თუმცა, მინისტრი დეტალებზე არ საუბრობს. 

რა მიმართულებით მიდის მსჯელობა და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს სამუშაო ჯგუფის მუშაობა, ამაზე არც "ენკაში" საუბრობენ. მხოლოდ იმაზე მიუთითითებენ, რომ შეხვედრების ინიციატორი ეკონომიკის სამინისტროა. 

"კომპანიამ  უკვე თქვა თავისი სათქმელი, ახლა ჯერი სამინისტროზეა. მე ვერ გეტყვით რა შედეგით შესაძლოა დასრულდეს ეს შეხვედრები. რაც შეეხება დეტალებს, ამაზე სამინისტრომ უნდა ისაუბროს", -  განუმარტეს "ქუთაისიპოსტს" კომპანიის პრესამსახურში.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადასარჩენად" ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ "ენკას" მიერ პროექტზე უარის თქმა თავიდანვე  საეჭვოდ მოეჩვენათ. 

"ერთადერთი ვფიქრობდით, რადგან კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება სტამბოლიდან გააკეთა, რომ ეს შესაძლოა რეალური ყოფილიყო,  თუმცა, ის რომ ეს მოხდა არჩევნებამდე 10 დღით ადრე, რა თქმა უნდა, საარჩევნო თამაშის გავდა. ჩვენ ისევ ვრჩებით ადგილზე, ერთადერთი მხოლოდ ეს შეგვიძლია", - ამბობს გოლეთიანი. 

მისი თქმით, ის განცხადებები, რაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ კეთდება, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ შესაძლოა "ენკა" ისევ დაუბრუნდეს ნამახვანჰესის პროექტს. 

ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები გაჩერებულია, თუმცა, დღემდე ადგილზე რჩება ტექნიკა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს იმის შესახებ, რომ კომპანიას რეალურად, შესაძლოა, კონტრაქტის
შეწყვეტა გეგმაში არ ჰქონდეს. 

"საათების ამბავია, "ენკას" ნებისმიერ დროს შეუძლია სამუშაოები განაახლოს", - აღნიშნავს ვარლამ გოლეთიანი. 

კომპანია "ენკას" რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესი უნდა აეშენებინა, რის გამოც, მოსამზადებელი სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობის  ერთწლიანი უწყვეტი პროტესტის და ფართომასშტაბიანი აქციების შემდეგ, "ენკამ" მშენებლობაზე უარი 22 სექტემბერს თქვა. 

სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "ენკა რინიუებლზმა" კონტრაქტზე უარი მისი პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორული გარემოებების გამო თქვა, თუმცა, ამ დრომდე  უცნობია რას გულისხმობს  კომპანია  ფორსმაჟორში. 

რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება.  მოძრაობის წევრებმა  383-ე ღამე გაათენეს კარვებში. 

მათი მოთხოვნა უცვლელია:


გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."

გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.