საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას კიდევ 9 დეპუტატი
იწყებს.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის წევრმა დავით
კირკიტაძემ გააკეთა.
"ამ ეტაპზე ცხრა პარლამენტის წევრმა გადავწყვიტეთ შიმშილობის
დაწყება ერთადერთი მოთხოვნით. ჩვენი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილი
გადაყვანილ იქნას მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, რათა მას
მიეწოდოს ადეკვატური ჯანდაცვის სერვისები. გადაყვანილ იქნას
მულტიპროფილურ დაწესებულებაში იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რა
გადაწყვეტილებაც მიიღო, მათ მირვე შექმნილმა კონსილიუმმა, რათა მიხეილ
სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული", -
განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ისინი შიმშილობას უკვე იწყებენ და
მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ
შესრულდება.
შიმშილობას იწყებენ დეპუტატები დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი,
თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე,
სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.
ანალოგიური მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს "დროას" ლიდერი ელენე
ხოშტარიაც.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 45-ე დღეა შიმშილობს.
ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება
დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც.
სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და
სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს
თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი
გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და
პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10
ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე
შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.
მასალის გამოყენების პირობები