რაჭა-ლეჩხუმში ახალი ჰესი
შენდება. "ალპანა ჰესი" ცაგერისა და ამბროლაურის რაიონებს შორის,
მდინარე რიონზე უნდა აიგოს.
55 მგვტ.–იანი ჰესის
მშენებლობისთვის ნებართვის მოპოვებას შპს "ალპანა ენერჯი" ცდილობს.
ჰესის პროექტის განხილვა უკვე დაგეგმილია ცაგერის სოფელ ზოგიშსა და
ამბროლაურის სოფელ ზედა ღვარდიაში. მოსახლეობასთან ორივე შეხვედრა ერთ
დღეს, 12 ნოემბერს უნდა გაიმართოს.
ზოგიში და ღვარდია ის სოფლებია,
რომლებიც კაშხლის მშენებლობის ალტერნატიულ ადგილებად განიხილებოდა.
საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ჰესის მთავარი ინფრასტრუქტურა სოფელ ზოგიშში
მოეწყობა, თუმცა, ნაწილობრივ მოიცავს ღვარდიასაც. პროექტის მიხედვით,
კაშხლის სიმაღლე 35 მეტრი იქნება.
"ალპანა ჰესის" მშენებლობის და
ექსპლუატაციის პროექტის" მიხედვით, რომელიც შპს "გამა კონსალტინგმა"
მოამზადა, ახალი ჰესი ე.წ. კალაპოტური ტიპის, წყლის შემტბორავი
სისტემის იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადერივაციო გვირაბი მხოლოდ
მშენებლობის ეტაპზე გამოიყენება. ჰესის ინფრასტრუქტურა მოიცავს
წყალსაგდებსა და წყალმიმღებს.
რაც შეეხება ჰესის გარემოზე
გავლენას, დოკუმენტის მიხედვით, ზემოქმედება მაღალი ხარისხის არ
იქნება.
"პროექტის განხორციელება, რა თქმა
უნდა გამოიწვევს ბუნებრივი გარემოს ზოგიერთ კომპონენტზე უარყოფით
ზემოქმედებას, მაგრამ წინასწარი კვლევის შედეგების მიხედვით, შეიძლება
ითქვას, რომ საპროექტო არეალის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე,
ზემოქმედება არ იქნება მაღალი ხარისხის", –
ნათქვამია "ალპანა–ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის
პროექტში".
დაგეგმილი საქმიანობის მოკლე
აღწერის მიხედვით, პროექტის გავლენის ზონაში ექცევა 5–6 ოჯახის მიწის
ნაკვეთი, რომლებსაც ჰესის მშენებელი კომპანია გამოისყიდის. პროექტში
საუბარია სამუშაო ადგილებზეც, თუმცა, პოტენციურ დასაქმებულთა
სავარაუდო რაოდენობა მითითებულიარ არის.
რაც შეეხება გამომუშავებული
ელექტროენერგიის განკარგვას, პროექტის მიხედვით, ჰესი ორიენტირებული
იქნება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მისი
ექსპლუატაციიდან 25 წლის შემდეგ კი იგი სახელმწიფოს საკუთრებაში
გადაეცემა. გასათვალისწინებელია ის, რომ ჰესი უნდა იყოს
ფუნქციონირებად მდგომარეობაში.
ვინ და რა ფასად აპირებს რაჭა–ლეჩხუმში ჰესის
აშენებას?
"ალპანა ენერჯი", რომელიც ერთ
წელიწადში ჰესის მშენებლობის ნებართვის მოპოვებას გეგმავს,
საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაა. შპს 2019 წელს, თბილისში
დაფუძნდა. მისი დირექტორი თურქული წარმომავლობის ჰაქან ოქუიუჯუა.
კომპანიის 25–25%–იან წილებს ფლობენ: ჰაქან ოქუიუჯუ, ალდონათ ქოქსალი,
მუსტაფა დენიზჰან ბუთუნი და ჰაქან შიმშექი.
კომპანიის წარმომადგენლის გია მიქაბერიძის თქმით, ჰესის აშენების
შემთხვევაში, უცხოური ინვესტიციის მოცულობა 55–60 მილიონი დოლარი
იქნება.
"ალპანა ენერჯი" არის ლიცენზიის
მფლობელი კომპანია, რომელიც ახორციელებს ამ პროექტის შესწავლა –
განვითარებას, თავისთავად არის დაინტერესებული ჰესის მშენებლობით.
ახლა მიმდინარეობს გარემოს დაცვის კვლევა, რომელსაც კომპანია "გამა
კონსალტინგი" ახორციელებს. გასავლელია დეტალური საინჟინრო საკითხები,
თუ ყველაფერი კარგად იქნა, მომავალი წლის სექტემბერში კომპანია
მთავრობას მიმართავს მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად. თუ მანამდე
დასრულდა, მანამდე მივმართავთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება
მოვლენები", – ამბობს გია მიქაბერიძე
ქუთაისიპოსტთან საუბარში.
მისი თქმით, ახალი პროექტი,
რამდენიმე წლის წინ არსებული პროექტისგან, რომელიც უფრო დიდი ჰესის
მშენებლობას გულისხმობდა, განსხვავებულია და უფრო მცირე
მასშტაბისაა.
კომპანიაში ჯერ არ იციან როგორ
შეხვდება ადგილობრივი მოსახლეობა ახალი ჰესის მშენებლობას. ცაგერისა
და ამბროლაურის მცხოვრებთა განწყობა 12 ნოემბერს
გაირკვევა.
მასალის გამოყენების პირობები