4 ნოემბრის ღამეს, ქუთაისში ბანერის
დამზადების გამო დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს
გაიმართება.
"დღეს უნდა ჩაინიშნოს ყველა შემთხვევაში. ბიჭები გადაყვანილი
არიან სასამართლოში. ველოდებით დროის დაზუსტებას", - ამბობს
დაკავებულების ადვოკატი ელისო დათუსანი.
მიხეილ მუმლაძისა და იმედა ონიანის
ახლობლები და ოჯახის წევრები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. გუშინ,
სამტრედიის პოლიციასთან, სადაც დაკავებულები გადაიყვანეს, საპროტესტო
აქციაც გაიმართა და მათი დაკავება გააპროტესტეს.
მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი
პოლიციამ ქუთაისში გვიან ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის
დასრულების შემდეგ დააკავა. სამოქალაქო აქტივისტები ბანერზე
საპროტესტო შინაარსის წარწერის გაკეთების მომენტში აიყვანეს. ისინი
ბანერის ქალაქის ცენტრში, მუზეუმის ყოფილ შენობაზე გადმოფენას
გეგმავდნენ, რისი შესაძლებლობაც სამართალდამცველებმა არ
მისცეს.
რამდენიმე საათის განმავლობაში
დაკავებულების ახლობლებს მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ
ჰქონდათ. საბოლოოდ გაირკვა, რომ ისინი სამტრედიის პოლიციაში
გადაიყვანეს.
მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი
პოლიციამ 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის
წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები