ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე
შეკრებილებს ოპოზიციური კოალიციური ერთობის ლიდერებმა
მიმართეს.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ
თვითმმართველობის არჩევნებს ხელისუფლების მხრიდან ხმების ძარცვა
უწოდა.
„არავის ჯერა, რომ ქუთაისში
„ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ყველამ ვიცით, რომ ეს იყო ტყუილი, ეს
იყო ჩვენი ხმების ძარცვა. კოალიციურ მმართველობას ალტერნატივა არ
აქვს. ოპოზიციურმა კოალიციურმა ერთობამ ქუთაისში გაიმარჯვა და
წერტილი. ყველა ჩვენთაგანის ვალია ბრძოლა არ შევწყვიტოთ...
საქართველოს, როგორც არასდროს უდგას მძიმე დღეები. მოქმედებს რბილი
ძალა, რომელსაც სურს საქართველო დაიმონოს, შიმშილით, უპერსპექტივობით,
ნიჰილიზმით - არ გამოგივათ!“- აღნიშნა ხაზარაძემ
აქციზე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამარტოო საკანში 35 დღეა
შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს
თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო
კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. თავად მიხეილ სააკაშვილი თავს
პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია
ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და
სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7
ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ
დაუფლების საქმეზე.
მასალის გამოყენების პირობები