მოძრაობამ "რიონის ხეობის
გადარჩენისთვის" საკუთარი ფინანსების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.
დასკვნა აუდიტორული კომპანია შპს "ეკონომაუდიტის" მიერ არის
მომზადებული. დოკუმენტებში, პერსონალური მონაცემების დაცვით,
მითითებულია მოძრაობისთვის განხორციელებული გადარიცხვები. ანგარიშის
მიხედვით, სხვადასხვა პირები აქტივისტებს ურიცხავდნენ როგორც 2,5 და
10 ლარს, ასევე 200, 300, 500 ლარს.
"ხანგრძლივი პროტესტის
მანძილზე მოძრაობის ფინანსების წარმოშობასა და ხარჯების
მიზნობრიობასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ არაერთი ეჭვი
გამოითქვა. ჩვენს ფეისბუქგვერდზეც და მედიასივრცეშიც ბევრჯერ
განვმარტეთ, რომ ფინანსურად გვეხმარებიან კერძო პირები, უმეტესად
ემიგრანტები, და ისინი ამ შემოწირულობებით მონაწილეობენ პროტესტში.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ გვავალდებულებს, გადავწყვიტეთ,
მიგვემართა აუდიტორული კომპანიისთვის, რომ ყველასთვის ცხადი იყოს,
ვისგან რა თანხა მიიღო ჩვენმა მოძრაობამ, როგორ განიკარგა მიღებული
შემოწირულობები, გვქონდა თუ არა ამ მხრივ კანონთან შეუსაბამობა და
ამით ამოიწუროს ეს საკითხი", - ნათქვამია მოძრაობის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
დასკვნა მოიცავს მოძრაობის
შექმნიდან, 2018 წლის 17 ივნისიდან 2021 წლის 31 ივლისამდე
პერიოდს.
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის
წინააღმდეგ პროტესტი ერთი წლის წინ დაიწყო. ჰესის მშენებელი კომპანია
"ენკას" მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ღია განცხადების
მიუხედავად, აქტივისტები კარვებში ღამეებს ისევ ათენებენ და
აცხადებენ, რომ საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე პროტესტს არ შეწყვეტენ.
პარალელურად გრძელდება მედიაციის პროცესი ენერგოგაერთიანების
წარმომადგენელთა ჩართულობით, რომელსაც "ხეობის მცველები" უკვე
გამოეთიშნენ.
ერთწლიანი პროტესტის შედეგად
სახელმწიფო იძულებული გახდა ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება
გაესაჯაროებინა, რამაც სპეციალისტებს მისი ანალიზის შესაძლებლობა
მისცა. ამავე პროცესში გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის სამინისტროს
ნამახვანჰესზე უარყოფითი დასკვნა აქვს გაცემული, ფინანსთა სამინისტროს
კი ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ მოუმზადებია. ამ გარემოებას კი
იურისტები ხელშეკრულების უკანონოდ ცნობის საფუძვლად მიიჩნევენ.
ამავე თემაზე:
პროტესტის ერთი
წელი
მასალის გამოყენების პირობები