ქუთაისის "ტორპედოს" ადმინისტრაცია
ოფიციალურად აცხადებს, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ჩხეტიანი
გაათავისუფლეს.
კლუბის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ განცხადება ფეისბუქის ოფიციალურ
გვერდზე გააკეთა. განცხადების ტექსტში წერია, რომ ჩხეტიანის კლუბიდან
გაშვების მიზეზი დაბალი შედეგებია.
"ქუთაისის "ტორპედოს" მიერ
ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული
სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო
გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა კახაბერ ჩხეტიანთან.
საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" გაწეული სამუშაოსთვის მადლობას
უხდის კახაბერ ჩხეტიანს და წარმატებას უსურვებს შემდგომ
საქმიანობაში", - წერია განცხადებაში.
მთავარი მწვრთნელის გუნდისთვის
ჩამოშორებას უკვე მოჰყვა შეფასებები სოციალურ ქსელში. გულშემატკივართა
ნაწილი მომხდარს ჩხეტიანის საარჩევნო პროცესში ჩართვას უკავშირებს და
მიიჩნევს, რომ იგი გახარიას პარტიის წევრობისთვის დასაჯეს. როგორც
ცნობილია, კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მწვრთნელობის პარალელურად,
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ყოფილი პრემიერის გიორგი
გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" სახელით, საკრებულოში
შესასვლელად იბრძოდა.
თავად კახა ჩხეტიანი
"ქუთაისიპოსტის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დამატებითი
განმარტება ვერ მივიღეთ ვერც კლუბის დირექტორის, გიორგი
მჭედლიძისგან.
კახა ჩხეტიანი ქუთაისურ კლუბში 2017
წლიდან მუშაობდა. ფინანსური კრიზისის დროს იგი "დინამოში" გადავიდა,
შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები