ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის
ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა.
საჩივრებიდან 121 დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი,
ხოლო 151 - საარჩევნო სუბიექტების მიერ.
„საჩივრების უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ჩვენ
დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებით უახლოეს მომავალში
წარმოგიდგენთ. შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო
კანონმდებლობის თანახმად, საჩივრებს განიხილავს 4 დღის ვადაში და
იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო ამ გადაწყვეტილების
გასაჩივრების ვადა შესაბამის სასამართლოში კიდევ დამატებით არის ორი
კალენდარული დღე“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისივე განმარტებით, არჩევნების გამჭვირვალეობის ხარისხის
ასამაღლებლად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 150 უბანი
გადაითვლება.
„მინდა შეგახსენოთ, ასევე, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია
განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და
თითოეულ საარჩევნო ოლქში, სადაც ჩატარდა არჩევნების მეორე ტური,
წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოვლინდება 5-5
საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში, 150-მდე უბნის მონაცემები
გადაითვლება, რაც არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი გარანტია. აღნიშნული გადათვლების შესახებ ჩვენ, ასევე,
უახლოეს მომავალში გაცნობებთ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ“,-
განაცხადა კალანდარიშვილმა.
კენჭისყრის პროცესი მთელი დრის განმავლობაში დაძაბულ გარემოში
მიმდნარეობდა. საარჩევნო უბნებთან დარღვევებზე ძირითად ჟურნალისტები
და ოპოზიციური პარტიის დამკვირებლები მიუთითებდნენ.
30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20
ქალაქში ჩატარდა, სადაც წალენჯიხის გარდა, ცესკოს წინასწარი
მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა" გაიმარჯვეს.
მასალის გამოყენების პირობები