ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსად "ქუთაისიპოსტი"-ს ინფორმაციით, "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის ორგანიზაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, პაატა კლდიაშვილი ინიშნება.
"ქუთაისიპოსტისთვის" ცნობილია, რომ პაატა კლდიაშვილმა ასოციაციის ხელმძღვანელობა უკვე ერთი კვირაა დატოვა.
სამსახურის უფროსად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, პაატა კლდიაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ოფიციალური შეთავაზებაა ჯერ არ მიუღია, შესაბამისად, ვერც გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
სამსახურის ახალი ხელმძღვანელის ვინაობას ამ დროისთვის არც ქალაქის თვითმმართველობაში აკონკრეტებენ. ქუთაისის მერი, შოთა მურღულია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს მხოლოდ იმას, რომ: "მალე წარვადგენ ახალ უფროს, რომელიც იქნება ძლიერი კადრი", - ამბობს შოთა მურღულია. თუ რამ განაპირობა ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილებები, მურღულია ამბობს, რომ გადახალისება აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოსტი ვაკანტური 10 დღის წინ გახდა. აღნიშნული სამსახურის უფროსი, სოსო გაბრიჭიძე ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსად გადაიყვანეს.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები