ახალი ამბები
შრომის დროს დაღუპულთა გამოუძიებელი ფაქტები და კანონი, რომელიც არ სრულდება
FaceBook

იმერეთში საწარმოო შემთხვევის ფაქტი ბოლოს 15 ოქტომბერს, ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში მოხდა.

სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს მილი ჩამოვარდა და მუშას დაეცა, რამაც თავის დაზიანება და შედეგად, გარდაცვალება გამოიწვია.

საქმეში როგორც შრომის ინსპექცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო. ერთი, უბედური შემთხვევის საწარმოო კვლევას ატარებს, მეორე ბრალეულობის დადგენაზე მუშაობს. 

ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში უბედური შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, თუმცა ამ ფაქტიდან 13 დღის შემდეგ, მხოლოდ ის ვიცით, რომ ადგილზე საწარმოში საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და შესაბამისი დასკვნა შრომის ინპექციას გადაუგზავნა. ამ უკანასკნელს დოკუმენტის გასცნობად და მომხდარის შესასწავლად ერთთვიანი ვადა აქვს. თუმცა, როგორც შრომის ინსპექციის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, საქმის შესასწავლად შესაძლოა ეს პერიოდი საკამარისი არ იყოს და კიდევ დამატებითი დრო დასჭირდეთ. 

ფაქტის კვლევში ჩართული იყვნენ როგორც კომპანიის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლი პირები ასევე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და ასევე, პროფკავშირის წევრებიც. 

„ანალიზის შედეგად ძირითადი და არსებული სისტემური ფაქტორებიდან გამომდინარე გამოიკვეთა შემდეგი, პირველი, ეს არის არაუსაფრთხო მეთოდით მუშაობა და მეორე, ტექნიკური უსაფრთხოების წესდების უხეში დარღვევა. კერძოდ, ამწის მეშვეობით სადემონტაჟო რკინის მილის ორივე მხარე, ან მთლიანი მილი მიწაზე უნდა დადებულიყო და შემდეგ მომხდარიყო ამ მილის დაჭრა. თუმცა, ირკვევა, რომ ეს ასე არ მოხდა, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა“, - განმარტავს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე.

მისივე თქმით, საწარმოში მუშაობის დროს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება ევალება როგორც დამსაქმებელს ასევე დასაქმებულს.

„გვესმის რომ არავის უნდა სიკვდილი, მაგრამ აუცილებელია მუშაც მეტად პასუხისმგებლობით მოეკიდოს უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ჩვენ მენტალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ კანონის მიღება და მისი აღსრულება არ გვიშველის”, - აღნიშნავს თამაზ დოლაბერიძე.


რას ამბობს კომპანია


ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ოპერირებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ისინი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობენ და მათ ინტერესშიც შედის ფაქტის ობიექტური გამოძიებაც.

"კომპანია აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, ჩვენს ინტერესშია ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი”, - განმარტავენ "ჯორჯიან მანგანეზში". 

15 ოქტომბერს მომხდარი უბედური შემთხვევა ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ერთადერთი არ ყოფილა. კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმციის თანახმად, 2017 – 2021 წლებში 51 საწარმოო შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამი გარდაცვალება, ხოლო დანარჩენი საწარმოო ტრამვის ფაქტი იყო. 

წინა შემთხვევებზე დაწყებული მოკვლევა ამ დრომდე ჭიანურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოში გარდაცვლილ სამ პირზე დღემდე არავინ დასჯილა და არც იმ ადამიანებს მიუღიათ პასუხი, რომლებიც მუშაობის დროს დაშავდნენ. 




უსაფრთხო შრომა და კანონი

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან დასაქმების ადგილას შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შრომის ინსპექციის სამსახური ახორციელებს.


დამსაქმებლის მიერ შრომის ნორმების დაცვის ინსპექტირების განხორციელებასთან ერთად, შრომის ინსპექცია შეისწავლის შრომის უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევის ფაქტებს ნებისმიერი იდენტიფიცირებადი პირის მიმართვის საფუძველზე. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში შრომის ინსპექცია ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და დამსაქმებელ იურიდიულ პირს აკისრებს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს.

დამსაქმებელი იურიდიული პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს მომხდარ შემთხვევაზე გამოძიების დაწყებასა და კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრას. შესაბამისად, სამუშაო ადგილზე დაღუპვის ან დაშავების შემთხვევაში, შესაძლოა, გვქონდეს ორი პარალელური წარმოება, კერძოდ, დამსაქმებელი იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ხოლო შემთხვევისა და ნორმის დაცვაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი წარმოება.

ადმინისტრაციული და სისხლის სამართალწარმოება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროს სამართლებრივი შეფასება არ ეძლევა იურიდიული პირისთვის დაკისრებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ამის გარდა, უსაფრთხო შრომის დაცვას უზრუნველყოფს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს დაამტკიცა,
ძალაში 2019 ლის თებერვალში შევიდა.

დოკუმენტის საფუძველზე უნდა მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის ფარგლებში სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვა, პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური შემთხვევების (მათ შორის ფატალური შედეგი) თავიდან აცილება.

უფრო კონკრეტულად საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი თავისი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში

ვალდებულია:

იზრუნოს, რომ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს;

უზრუნველყოს, რომ ფიზიკურმა, ქიმიურმა და ბიოლოგიურმა საფრთხის შემცველმა ფაქტორებმა დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას საშიშროება არ შეუქმნას;

აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები, პროფესიული დაავადებების შემთხვევები და საშიში შემთხვევები და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს დასაქმებულს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელს;

უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად;

რეგულარულად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით:

შეამოწმოს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა და მოახდინოს მისი დოკუმენტირება;

უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა დამცავი საშუალებების მოვლა-გასუფთავება, გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში დროულად შეცვალოს ისინი.

როგორ ხდება საწარმოო შემთხვევების გამოძიება

შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXI თავი ითვალისწინებს ცალკეულ სამუშაოთა წესების, მათ შორის სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის (240-ე მუხლი) დარღვევის გამო პასუხისმგებლობას, ხოლო XXIII თავით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევის (170-ე მუხლი) გამო.

სსკ-ის 240-ე და 170-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სანქციის სახით, ძირითად სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად გათვალისწინებულია თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა თუ როგორ ხდება საწარმოო შემთხვევების გამოძიება და დგება თუ არა რეალურად დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის საკითხი ანდა, იკვეთება, თუ არა რეალური დამნაშავე, ამაზე კვლევა 2020 წელს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჩაატარა.

„გამოძიების პროცესში დანიშნული საექსპერტო კვლევები უმეტესად ჭიანურდება; უმეტეს შემთხვევებში არ იკვეთება დამსაქმებელი ორგანიზაციის მაღალი მენეჯერული რგოლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და საკანონმდებლო რეგულირების გათვალისწინებით არ დგება იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთის შემთხვევაშიც, უმეტესად, ფორმდება საპროცესო შეთანხმება და არ ხდება რეალური სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა) გამოყენება“, - ნათქვამია EMC-ის კვლევაში.

EMC-ის მიერ შესწავლილი სისხლის სამართლებრივი საქმეების ანალიზით დგინდება, რომ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ადგილზე დაშავებისა და დაღუპვის შემთხვევების გამოძიების სათანადო მეთოდოლოგიის არარსებობა.

„ამ ეტაპისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსი სპეციფიკის დანაშაულთა გამოძიების სპეციალური მეთოდოლოგია არ გააჩნია და გამოძიება ზოგადი მეთოდოლოგიის მიხედვით მიმდინარეობს, რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი დანაშაულთათვის გარკვეული მახასიათებლები სათანადო სამართლებრივი შეფასების მიღმა რჩება“.

თუმცა, ორგანიზაციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ შრომითი უფლებების კუთხით ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შემუშავებული, რამაც ბოლო წლებში საწარმოებში სიკვდილიანობის შემთხვევები შეამცირა.

„ზოგადად არ მიყვარს სტატისტიკის მოყვანა, როცა ადამიანის სოცოცხლეს ეხება საქმე. მესმის რომ ერთი კაცის უკანაც ოჯახი დგას, მაგრამ სტატისტიკასაც ვერ გავექცევით, ის რომ საწარმოო შემთხვევები შემცირებულია, ეს სწორედ იმ დოკუმენტების დამსახურებააა, რომელიც საკონმდებლო დონეზე იქნა მიღებული“, - ამბობს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, საქართველოში საწარმოო შემთხვევები ისევ აქტუალურია და ახალი კანონის მიღების მიუხედავად, დასაქმებულები მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დაცულები მაინც არ არიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის
ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას
ემიჯნება.
17:25 / 26.11.2024
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება.
12:31 / 26.11.2024
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის არჩევის თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა, ინაუგურაციას კი 29 დეკემბერს გეგმავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.