ახალი ამბები
პროტესტის ერთი წელი
FaceBook
"გთხოვთ, მოგვიტევოთ, თუ ამ ბრძოლაში ჩვენი სიტყვა და საქმე საკმარისი არ აღმოჩნდა" - ასე გამოეხმაურა მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" პროტესტიდან ერთ წელს.

"ერთი წლის წინ, 2020 წლის 25 ოქტომბერს, გაიშალა პირველი საპროტესტო კარავი ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ. საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" საინიციატივო ჯგუფი მადლობას გიხდით ყველას, ვინც თავიდანვე და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთად იდგა, მხარს გვიჭერდა, გვამხნევებდა და გვეხმარებოდა. დიდი მადლობა ჩვენს ემიგრანტებს უდიდესი სითბოსა და თანადგომისათვის. თქვენთან ერთად გადავლახეთ არაერთი წინააღმდეგობა და შევქმენით საზოგადოებრივი ერთობის მაგალითი, რის გარეშეც მნიშვნელოვანი საქმეები ვერ გადაწყდება. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ დიდი ერთობისათვის ვიბრძვით. გთხოვთ, მოგვიტევოთ, თუ ამ ბრძოლაში ჩვენი სიტყვა და საქმე საკმარისი არ აღმოჩნდა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და სიყვარული!
სიმართლისათვის ბრძოლა გრძელდება", - წერია მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ფეისბუქ გვერდზე.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო. 25 ოქტომბერს ხეობაში პირველად გაიშალა კარავი. ხუთმა ადგილობრივმა თავდაპირველად პროტესტი სოფელ ჟონეთში დაიწყო, იქ, სადაც გიგანტური ჰესის მშენებელი კომპანია "ენკას" ტექნიკა მუშაობდა. მალევე, პოლიციამ პროტესტანტებს კარავი დაურბია, ინვესტორმა კი ტერიტორია მის საკუთრებად გამოაცხადა. აქტივისტები იძულებული გახდნენ კარავი სოფელ ნამოხვანში, ერთ-ერთი აქტივისტის ლალი ეფრემიძის სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გადაეტანათ. სწორედ აქედან იწყება პროტესტის მასშტაბების ზრდა. აქ უკვე აღარ იყვნენ მხოლოდ ხეობის მცხოვრებლები. აქციებს ადამიანები სოლიდარობის გამოსახატავად უერთდებოდნენ.

7 თებერვალს ხეობაში გამართულმა აქციამ, რომელშიც ადგილობრივებთან ერთად რეგიონებიდან ჩამოსულებიც მონაწილეობდნენ, ცხადი გახადა, რომ პროტესტი იზრდებოდა. 28 თებერვალს კი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამართული აქცია, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა, აღარ გავდა ერთი ხეობის პროტესტს. მოქალაქეებმა, ადგილობრივებს, უწყვეტი პროტესტის გამო "ხეობის მცველები" შეარქვეს და მათთან ერთად ღამისთევა დაიწყეს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ხელისუფლებამ პროცესში ჩარევა და რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ პირველად ჩავიდა ხეობაში.

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ვიზიტები უშედეგო აღმოჩნდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ქუთაისში გამართული შეხვედრიდან მოულოდნელად წასვლის შემდეგ, პროტესტი კიდევ უფრო გაიზარდა.

გაძლიერდა სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაც. აქტივისტებს ნამოხვანში გაშლილი კარვებიც დაურბიეს. დაიწყო პოლიციასთან შეტაკებებისა და დაკავებების სერია. პროტესტმა გუმათში გადაინაცვლა, იქ, სადაც აქტივისტები ახლაც ათენებენ ღამეებს. პოლიციამ აქტივისტებს ნამოხვანში გადადგილება აუკრძალა, გუმათჰესთან კი რკინის ბარიკადები აღმართა. "რკინის ფარდამ" პროტესტი მაინც ვერ ჩაახშო.

სახელმწიფო იძულებული გახდა მკაფიო ნაბიჯები გადაედგა და კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ასევე, დაპირდა აქტივისტებს, რომ კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც პროტესტანტები კაბალურს უწოდებდნენ, გადაიხედებოდა, პროცესში კი ევროკავშირის ენერგოგაერთიანების მედიატორი ჩაერთვებოდა. თუმცა, მთავარი მოთხოვნა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

საბოლოოდ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არ შედგა და აქციებმა დედაქალაქში გადაინაცვლა, თუმცა, პროტესტი ხანმოკლე აღმოჩნდა და აქტივისტები ისევ ხეობაში დაბრუნდნენ. ამის შემდეგ აქტივისტებში მუხტმა იკლო და ხეობაში ღამის გათევის მსურველთა რაოდენობაც შემცირდა. 5 ივლისს კი, ჯერ მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" სახელით "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის მხარდამჭერი განცხადების გავრცელებამ, შემდეგ კი დედაქალაქში ამავე აქციაზე ჩასვლამ, "ხეობის მცველთა" რიგები მნიშვნელოვნად შეამცირა.

აქტივისტების მტკიცება, იმის შესახებ, რომ ისინი ძალადობას ემიჯნებოდნენ, საკმარისი არ აღმოჩნდა. აქციის შემდეგ, სადაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ათობით ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, "ხეობის მცველებთან" კომუნიკაციაზე ერთმანეთის მიყოლებით თქვეს უარი ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პროცესში მათი აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. პროტესტის აქტიურ გაშუქებაზე უარი თქვა მედიამაც. პარალელურად ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია მათ რუსულ ინტერესებსა და გაუმჭვირვალე ბიუჯეტზე. საბოლოოდ, მოძრაობის წევრებს, დაპირების მიუხედავად, აუდიტის ფინანსური დასკვნა არ გამოუქვეყნებიათ.

რიონის ხეობაში პროტესტი ახლაც გრძელდება. ერთი თვის წინ კომპანია "ენკას" მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ღია განცხადების მიუხედავად, აქტივისტები კარვებში ღამეებს ისევ ათენებენ და აცხადებენ, რომ საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე პროტესტს არ შეწყვეტენ. პარალელურად გრძელდება მედიაციის პროცესი ენერგოგაერთიანების წარმომადგენელთა ჩართულობით, რომელსაც "ხეობის მცველები" უკვე გამოეთიშნენ.

ერთწლიანი პროტესტის შედეგად სახელმწიფო იძულებული გახდა ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება გაესაჯაროებინა, რამაც სპეციალისტებს მისი ანალიზის შესაძლებლობა მისცა. ამავე პროცესში გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის სამინისტროს ნამახვანჰესზე უარყოფითი დასკვნა აქვს გაცემული, ფინანსთა სამინისტროს კი ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ მოუმზადებია. ამ გარემოებას კი იურისტები ხელშეკრულების უკანონოდ ცნობის საფუძვლად მიიჩნევენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.