სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფმა
ამომრჩევლებმა მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად სპეციალური
რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფმა
ამომრჩევლებმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 23-დან 25
ოქტომბრის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უნდა
მიმართონ ცესკოს ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51, შიდა ნომერი 0.
ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით,სპეციალური უბნები უკვე
შექმნილია.
"არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები,
რომლებიც აღჭურვილები იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს
მოემსახურებიან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და
უსაფრთხოების სრული გარანტიით", - განაცხადა ნათია
იოსელიანმა.
მისი განმარტებით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და
იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ თვითმმართველი
ქალაქის და თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში.
"გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება
დილის 8:00 საათზე და დასრულდება 20:00 საათზე. საარჩევნო
ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ვადების
გათვალისწინებით, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და
გაიარონ სპეციალური პროცედურები"
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15
მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები