სოციალური სამართლიანობის ცენტრი,
ეკონომიკის სამინისტროს, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით
მანიპულაციაში ადანაშაულებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია, უწყების მიერ, ჰესის პროექტზე ფინანსთა
სამინისტროს დასკვნის არარსებობის გამართლების მცდელობას პასუხობს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ეკონომიკის სამინისტროს პასუხს,
რასაც თავის მხრივ, წინ უძღოდა ფინანსთა სამინისტროს განცხადება იმის
შესახებ, რომ ნამახვანჰესის პროექტზე შესაბამისი დასკვნა გაცემული არ
იყო, კანონის ინტერპრეტაციას უწოდებს. მათი შეფასებით, უწყების
მიერ ფინანსთა სამინისტროს დასკვნის არარსებობის დასაბუთება,
მანიპულაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
საუბარია "საჯარო და კერძო
თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონზე", რომელიც 2018 წელს
ამოქმედდა და რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება
ჰქონდა ნამახვანჰესის პროექტზე დასკვნა გაეცა.
ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ
ჰესის მშენებელი კომპანიის შერჩევის მიზნით, ტენდერი ამ კანონის
ამოქმედებამდე, 2016 წელს ჩატარდა, გამარჯვებული კი 2017 წელს
გამოვლინდა, შესაბამისად პროექტზე ფინანსთა სამინისტროს დასკვნა ვერ
იარსებებდა.
"ინვესტორი კომპანიის, როგორც კერძო
პარტნიორის შერჩევის ეტაპები დასრულდა "საჯარო და კერძო
თანამშრომლობის შესახებ კანონის" ძალაში შესვლის თარიღამდე.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ მოლაპარაკების
მხარეებმა დაასრულეს მოლაპარაკებები კანონის ამოქმედებამდე და 2019
წლის აპრილში ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი იყო საჯარო და კერძო
თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე სავსებით ცხადია, რომ საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო ვერ შეაფასებდა პროექტს "საჯარო და კერძო თანამშრომლობის
შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისათვის", - ნათქვამია ეკონომიკის
სამინისტროს განცხადებაში.
უწყებას არ ეთანხმება "სოციალური
სამართლიანობის ცენტრი" და აცხადებს, რომ ნამახვანჰესის ხელშეკრულების
თაობაზე მოლაპარაკება 2019 წლის მარტში დასრულდა, როცა აღნიშნული
კანონი უკვე თითქმის ერთი წლის ამოქმედებული იყო.
"კონომიკის სამინისტროს
აღნიშნული განცხადება ნამახვანის პროექტზე არსებულ საკანონმდებლო
დარღვევების დაფარვისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთ
მცდელობას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის
განკარგულება ცალსახად ადასტურებს, რომ მთავრობამ ჯერ საჯარო და კერძო
თანამშრომლობის შესახებ კანონის მიხედვით შეაფასა და განსაზღვრა
პროექტის ეტაპი, შემდეგ კი მოიწონა. შესაბამისად სწორედ ამ პერიოდიდან
მასზე "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონის
მოთხოვნები გავრცელდა, რაც მათ შორის საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მიერ პროექტზე დასკვნის მომზადებასა და მის სავალდებულო
გათვალისწინებას გულისხმობდა", - ნათქვამია "სოციალური
სამართლიანობის ცენტრის" მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია
მიიჩნევს, რომ ეს გარემოება ჰესის ხელშეკრულების გაფორმების
კანონიერებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და მნიშვნელოვან იურიდიულ
შედეგებს უკავშირდება.
18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის პროექტზე ფინანსთა
სამინისტროს დასკვნა არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციის
შეფასებით, ეს გარემოება ნიშნავს იმას, რომ ნამახვანჰესის პროექტზე
ფუნდამენტური დოკუმენტი, რომლითაც სახელმწიფოს მისი ხარჯსარგებლიანობა
და ეკონომიკური მიზანშეწონილობა უნდა დაესაბუთებინა, არ არსებობს. ეს
კი "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების უკანონოდ ცნობის საფუძველს
ქმნის.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროც გამოეხმაურა
და განაცხადა, რომ პროექტზე ტენდერის გამოცხადების მომენტში, კანონი,
რომელიც ფინანსთა სამინისტროს დასკვნის გაცემას დაავალდებულებდა, არ
არსებობდა.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები