საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა,
დიმიტრი საძაგლიშვილმა ექსპრეზიდენტის წერილი ციხიდან წაიკითხა.
წერილში სააკაშვილი ამბობს, რომ განაგრძობს შიმშილობას და არც ერთი
ფორმით არ მიიღებს საკვებს, თუმცა თანახმაა ექიმების მხრიდან
მედიკამენტოზურ ჩარევაზე.
"
სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არც ერთი
ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა, ბოლომდე
შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა. ამიტომ თანახმა ვარ
ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე
ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად მაგრამ მაინც მიმდინარე
მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში", – წერს მიხეილ
სააკაშვილი.
დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილებას
ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტი ექიმებთან
კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.
ექიმების კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
გუშინ, 19 ოქტომბერს შეისწავლა და ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია
გასცა.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში
მეცხრამეტე დღეა შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
პენიტენციურ დაწესებულებაში კონსილიუმი გუშინ შევიდა.
ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება
დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც.
სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო
გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს
თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი
გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და
პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე.
მასალის გამოყენების პირობები