ახალი ამბები
"მოიწეროს ინვესტორმა და მიატოვოს პროექტი, ასე არ ხდება" - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე
FaceBook
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კვლავ ნამახვანჰესის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე.

შესაბამისად, ჰესი, რომლის მშენებლობასაც ადგილობრივები თითქმის ერთი წელია ეწინააღმდეგებიან, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნათია თურნავა არ მალავს, რომ "ენკას" მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადის მიუხედავად, სახელმწიფო ცდილობს თავი აარიდოს საარბიტრაჟო დავას და კომპრომისს მოლაპარაკებით მიაღწიოს.
"ჩვენი მიმართულებაა, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია "ენკასთან" ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, რა თქმა უნდა, არბიტრაჟი არ არის სასურველი არც ჩვენთვის და იმედი მაქვს, არც კომპანია "ენკასთვის", რომლის მთავარი პროფილი მშენებლობაა და არა არბიტრაჟში დავა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათთან კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან შეხვედრებს, კომუნიკაციებს აწარმოებენ, არა ჩემ დონეზე ჯერჯერობით, თუმცა, პირადად ვაკვირდები, იმ წერილის შემდეგ ვაკვირდები ამ პროცესს და ვამონიტორინგებ, ხდება უკვე სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე ურთიერთკომუნიკაცია.

რაც შეეხება ერთ თვეს და პროექტიდან გასვლას, ეს არ არის ასეთი მარტივი პროცესი, რადგან ხელშეკრულებით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს, როგორ და რანაირად. ეს არ არის ასე, რომ ცალმხრივად მოიწეროს ინვესტორმა და მიატოვოს პროექტი, ასე არ ხდება, მთელი რიგი პასუხისმგებლობებია აქ, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ერთმანეთში, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა",
- განაცხადა ნათია თურნავამ.

კომპანია "ენკამ", რომელმაც რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ხელშეკრულებას წყვეტს. სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "ენკა რინიუებლზი" კონტრაქტზე უარს მისი პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორული გარემოებების გამო ამბობს. კონკრეტულად რას გულისხმობს "ენკა" ფორსმაჟორში, უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლები ბოლო თვეების განმავლობაში ხეობაში დემონსტრაციულად შედიოდნენ ტექნიკით, "მცველების" მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ, პროცესს კი დრონის საშუალებით კამერაზე აღბეჭდავდნენ. მათი თქმით, კომპანია ამ გზით საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მასალებს აგროვებდა.

"ენკას" მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განცხადების მიუხედავად, ადგილობრივები პროტესტს არ წყვეტენ. რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში "მცველები" ისევ ათენებენ ღამეებს. ადგილობრივები საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე დაშლას არ აპირებენ. პროტესტი 354 დღეა  გრძელდება.

კომპანია "ენკა" რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს აშენებდა.

მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სპეციალისტები ქვეყნის ინტერესების საზიანოს უწოდებენ.



ამავე თემაზე:

რიონის ხეობის „მცველები“
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.