კენჭისყრის დღეს და შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე
საია-მ სამართლებრივი რეაგირება 350-ზე მეტ შემთხვევაში
მოითხოვა.
ამის შესახებ საიას განცხადებაშია მითითებული.
ამ დარღვევებიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საუბნო საარჩევნო
კომისიებში წარადგინა 34 საჩივარი.
- კენჭისყრის შენობის პერიმეტრთან დაფიქსირებულ დარღვევებზე შსს-ს
სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით მიმართა 23
შემთხვევაში;
- საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის პროცედურების და ხმის
დათვლის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე მიმართა 60-მდე
შემთხვევაში;
- შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საჩივრები წარადგინა
250-მდე შემთხვევაში. ამათგან, სხვადასხვა მონაცემების ხელახალი
გადათვლა მოითხოვა 230-ზე მეტ უბანთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, საია ითხოვს ისნის ოლქში შემავალი ყველა უბნის
მონაცემების ხელახლა გადათვლას. ამ მოთხოვნის დაყენების საფუძველი
გახდა ის გარემოება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული
ვალდებულების შესაბამისად, ისნის ოლქში შემთხვევითი შერჩევით
გადათვლილი 5 უბნიდან, 4 შემთხვევაში გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის
ცდომილება.
საჩივრების ნაწილი ამ ეტაპზე სრულად არ არის განხილული და საოლქო
საარჩევნო კომისიებში საია სამართლებრივ დავებს
აგრძელებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის 2 ოქტომბრის
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს ქვეყნის
მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში (21 საარჩევნო ოლქში)
აკვირდებოდა.
2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა
აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში, მათ შორის
ქუთაისში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები