სამტრედიაში, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები
და მათი მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მამუკა ბიბილეიშვილის
თქმით, ოქმებში დისბალანსია.
"ბევრი ბიულეტენი, სადაც ჩვენ გვაძლევდნენ
ხმას გაბათილებულია", - ამბობს მამუკა
ბიბილეიშვილი.
ენმ-ის წევრის თქმით, მიღებული შედეგებით სამტრედიაში მეორე ტური უნდა
დანიშნულიყო, ამიტომ ისინი ოქმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ.
მამუკა ბიბილეიშვილის განმარტებით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიაში 19
საჩივარი აქვთ შეტანილი. მისი თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ
შესრულდება, სასამართლოში გაასაჩივრებენ და აქციებს
გამართავენ.
სამტრედიაში მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოდა:
"ქართული ოცნება" - დავით ბახტაძე;
"ნაციონალური მოძრაობა" - მამუკა ბიბილეიშვილი;
"ლელო" - ბადრი კაპანაძე;
"ევროპული საქართველო "- ჟუკიანა ფოფხაძე;
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, "ნაციონალური
მოძრაობის" კანდიდატს ხმების 32, 88 % (7528 ხმა ) ერგო, ხოლო
"ოცნების" კანდიდატს - 59, 91 % ( 13 718 ხმა) აქვს
მიღებული.
ამ მონაცემების მიხედვით, სამტრედიაში მეორე ტური არ ინიშნება,
რადგან "ქართული ოცნების" კანდიდატმა სამტრედიაში
ამომრჩევლეთა ხმების 50% გადალახული აქვს.
#54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა იმნაძე
ამბობს, რომ სამტერდიაში ხმების გადათვლის სამართლებრივი საფუძველი არ
არსებობს.
"ეს აჟიოტაჟი არ ვიცი რას ემსახურება. სასამართლოს მიმართავენ
თუ რას იზამენ ეგ უკვე მათი საქმეა", - ამბობს ნანა
იმნაძე.
2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩიათ. თუმცა,
არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, არჩევნების
მეორე ტური ჩატარდება.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
მასალის გამოყენების პირობები