ქუთაისში, ქსელური მარკეტი "ორი ნაბიჯის" 20 -მდე თანამშრომლი
გაიფიცა. ისინი ორახელაშვილის ქუჩაზე მდებარე საწყობთან არიან
შეკრებილები და მუშაობაზე უარს აცხადებენ.
ქსელური მარკეტის დისტრიბუტორები და მძღოლები აცხადებენ, რომ
ზეკანაკვეთურად მუშაობენ და ხელფასი მიზერული აქვთ.
"მთელი ღამე ვმუშაობთ მიზერულ თანხაზე. ვითხოვთ, ეს
საკითხი იყოს მოწესრიგებული და ჩვენი შრომის შესაბამისი ანაზღაურება
გვქონდეს", - ამბობს დისტრიბუტორი მამუკა
ჩაჩუა.
გაფიცულები ხელფასის მომატების გარდა, დისტრიბუციის
მანქანების გაუმართაობაზეც მიუთითებენ.
"გაადადგილება ამ მანქანებით საშიშია. კაბინაში წყალი
შემოდის, ზოგს ფარი არ აქვს, ზოგს საქარე მინის გასაწმენდი არ
უმუშავებს, ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე გადის",
- აცხადებენ გაფიცულები.
"ორი ნაბიჯის" დისტრიბუციის მანქანები
მათი თქმით, ისინი სამუშაო პროცესს იქამდე არ დაუბრუნდებიან,
ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ქუთაისში, "ორი ნაბიჯის" 15 ფილიალია. დისტრიბუტორების ხელფასი
500 ლარს, ხოლო მძღოლების ხელფასი 650 ლარს შეადგენს.
მაღაზიათა ქსელში აცხადებენ, რომ თანამშრომლების პროტესტის შესახებ
ინფორმაცია აქვთ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
რაც შეეხება მანქანების გაუმართაობას, "ორი ნაბიჯის"
მარკეტინგის ხელმძღვანელის ნოკა ბაინდურაშვილის თქმით, ავტომანქანებს
გავლილი აქვთ ტექნიკური შემოწმება.
მასალის გამოყენების პირობები