ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ
ექვსი უბნის შედეგები ხელახლა დათვალა.
ყველა უბანზე, სადაც კომისიის წევრებმა მიღებული ხმების რაოდენობა
გადაამოწმეს, შედეგები შესწორებული იყო, თუმცა, არც ერთ მათგანს
შესაბამისი ოქმი არ ჰქონდა. ოქმების გარეშე შეჯამებული შედეგების
გადათვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ორი ბიულეტენის
გაბათილებას არ დაეთანხმა, სადაც კომისიის თავმჯდომარის, ლარინა
ლალიაშვილის განცხადებით, ამომრჩევლის არჩევანი არ იკითხებოდა.
ხმების გადათვლის შემდეგ დარღვევები აღმოჩნდა შესწორებულ
მონაცემებშიც. კონკრეტულად, #44-ე საარჩევნო უბანზე სამ
ბიულეტენს რეგისტრატორის ბეჭედი არ ჰქონდა, რის გამოც, ისინი კომისიამ
ბათილად გამოაცხადა. ასევე, გაბათილდა ბიულეტენი #64-ე უბანზე, #9-ე
უბანზე კი ერთით მეტი ბათილი ბიულეტენი აღმოჩნდა.
კომისიის თავმჯდომარემ შესწორების
ოქმების გარეშე შედეგების გადასწორება, კომისიის წევრების
გადაღლილობით ახსნა.
"ყველა ტრენინგზე
ვახსენებდით იმას, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა დაიწეროს შესწორების
ოქმი, მაგრამ გასათვალისწინებელია მათი ემოციური ფონი, დაძაბულობა და
გადაღლილობა", - განაცხადა ლარინა ლალიაშვილმა.
კომისიას იმ კომისიის წევრების
პასუხისმგებლობის საკითხზე არ უმსჯელია, ვინც შედეგებში შესწორებები
ოქმების გარეშე შეიტანა.
კანონში შეტანილი ცვლილების
მიხედვით, ყველა უბნის შედეგები, სადაც შესწორებას შესაბამისი ოქმი არ
ექნება, თავიდან უნდა დაითვალოს.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია
საჩივრების განხილვას 6 ოქტომბერს დაიწყებს.
2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩიათ. თუმცა,
არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში, მათ შორის
ქუთაისში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
მასალის გამოყენების პირობები