დღეიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდა.
ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებები და
ბავშვთა გასართობი ცენტრები.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის შენობებში სწავლის
დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ
მზადყოფნაშია.
უწყების ცნობით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის
სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის
თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას
უზრუნველყოფს.
”ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან დასრულებულია არა მხოლოდ
საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, არამედ სასკოლო
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი
სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა
და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი
სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის.
2021-2022 სასწავლო წლისთვის, ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი
იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს
შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის
მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები
დისტანციურად ჩაატარონ.
დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების
ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ
უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას (ამ ეტაპზე
ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა
67%).
მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს „ტელესკოლის“ უაღრესად
მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც
დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი
უჭირავს.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და
სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის
ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს.
სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად
განხორციელდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ სკოლებს, სადაც 2 ოქტომბრის
არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სასწავლო
პროცესის საკლასო ოთახებში განახლებამდე ჩაუტარდა სრული
დეზინფექცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები