თვითმმართველობის დღეს საიას დამკვირვებლებმა 130-მდე საჩივარი და
შენიშვნა დაწერეს.
2 ოქტომბრის არჩევნები საიას შეფასებით, კენჭისყრაზე ხმის
მიცემისას პროცედურული ხარვეზები გამოვლინდა. დღის განმავლობაში ზოგ
უბანზე არსებულ დაძაბულ ატმოსფეროს შეეძლო, გავლენა მოეხდინა როგორც
ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე.
კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
- ამომრჩევლის ნების კონტროლი (დღის განმავლობაში არაერთი უბნის
მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის
მიმდინარეობისას თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ხელს უშლიდა
ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას);
- 100-მეტრიანი რადიუსის წესის დაცვასთან დაკავშირებით გამოძახებული
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სათანადო ზომებს არ
იღებდნენ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში საპატრულო პოლიცია გამოძახების
ადგილას არც კი მისულა;
- ცალკეულ უბნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევა;
- მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა; მათ შორის, ზოგიერთ
შემთხვევაში გამოვლინდა მარკირების გარეშე ან/და ერთი და იმავე პირის
მიერ ხმის ორჯერ მიცემის, ასევე არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე
დაშვებისა და ხმის მიცემის ფაქტები;
- საარჩევნო ყუთში არაუფლებამოსილი პირების მიერ კონვერტების
მოთავსების ერთეული შემთხვევები;
- გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული
დარღვევა;
- გადასატანი თუ ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობასთან
დაკავშირებული ცალკეული დარღვევები;
- კომისიის წევრების მხრიდან კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისთვის
მხარდაჭერის მოწოდებისა და აგიტაციის აკრძალვის წესების დარღვევის
რამდენიმე შემთხვევა.
გამოვლინდა ორგანიზაციის დამკვირვებლების მიმართ მუქარის, ფიზიკური და
სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. Ზოგ შემთხვევაში დამკვირვებლებს
საარჩევნო უბანზე არ ეძლეოდათ ფოტო/ვიდეო გადაღების, ასევე საჩივრის
დარეგისტრირების შესაძლებლობა. საიას 6 დამკვირვებელი გააძევეს
უბნიდან, ხოლო ერთ შემთხვევაში შეუქმნეს ზეწოლის გარემო. შედეგად, იგი
იძულებული გახდა, დაეტოვებინა უბანი. ხმის დათვლის დაკვირვების დროს
ბათუმის 66-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე საიას დამკვირვებელს ვიდეო
გადაღებას უკრძალავდა. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საიას
დამკვირვებელს უბანზე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები
დაუპირისპირდნენ, როგორც დღის პირველ ნახევარში, ისე უბნის დახურვის
შემდეგ. თელავის 54-ე უბანზე ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის
წარმომადგენელი ცემით დაემუქრა საიასა და საერთაშორისო გამჭვირვალობის
დამკვირვებლებს, რის შემდეგაც საიამ მიმართა სამართალდამცავებს
მყისიერი საფრთხის აღსაკვეთად.
საარჩევნო რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა უბნების
დახურვის შემდგომაც. ზოგ შემთხვევაში საიას დამკვირვებლების მიერ
გამოვლინდა ხმის მთვლელების წილისყრისა და ხმების დათვლის პროცესის
დარღვევა. რამდენიმე შემთხვევაში მათ საჩივარი შეიტანეს კომისიის
წევრების წინააღმდეგ მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, როდესაც ისინი
საარჩევნო უბანს ხმის დათვლის პროცესში ტოვებდნენ. ტენდენციის სახით
გამოიკვეთა საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან ჩანაწერთა წიგნისა
და ბიულეტენების დაულუქავი სახით მიტანა.
აღსანიშნავია, რომ დიდ ქალაქებში ხმის დათვლის პროცესი განსაკუთრებით
დიდხანს გრძელდებოდა და, ამასთან, კომისიები დროულად ვერ ახერხებდნენ
შემაჯამებელი ოქმების შედგენას.
მასალის გამოყენების პირობები