ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი,
#124-ე უბანზე მდივნის მიერ ოქმის წინასწარ შევსების ფაქტზე,
განმარტებას აკეთებს.
მან მომხდარი მდივნის გამოუცდელობით ახსნა და თქვა, რომ ეს უბნის
შედეგების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება.
"გამოუცდელი იყო მდივანი და იფიქრა დროს მოვიგებო, წინასწარ
შეიტანა კომისიის წევრების სახელები და გვარები ოქმში. ეს არის
სერიოზული დარღვევა, მაგრამ იქ გამორიცხული არის გაყალბება და უბნის
ბათილობის საკითხი ვერ დადგება. თუმცა, განვიხილავთ ამ ფაქტს და
კომისიის წევრები მიიღებენ კანონოთ გათვალისწინებულ სასჯელს",-
განაცხადა ლარინა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, ოქმი თავიდან შედგება და კომისიის წევრები მას
განმეორებით მოაწერენ ხელს.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
მიმდინარეობს.
ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და
საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.
გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური
დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო
სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის
მეშვეობით.
ქუთაისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ესენია:
,,ქართული ოცნება'' - იოსებ ხახალეიშვილი
,,ნაციონალური მოძრაობა'' - ხატია დეკანოიძე
,,გიორგი გახარია -საქართველოსთვის'' - გიორგი გოგუაძე
,,თავისუფალი საქართველო'' - ირინა საღინაძე
,,სტრატეგია აღმაშენებელი" - ანდრო ლოსაბერიძე
მასალის გამოყენების პირობები