"ტორპედოს" ახალმა მეპატრონემ,
ბიზნესმენმა დავით კერესელიძემ ქუთაისის ბიუჯეტში საგარანტიო თანხა
უკვე ჩარიცხა.
აუქციონის პირობების თანახმად, კერესელიძის კომპანიამ "ნიუ
ვიჟენ უნივერსიტეტი" 350 000 ლარი გადაიხადა. ქუთაისის
მერიის ინფორმაციით, ახალი ინვესტორი ქალაქში რამდენიმე დღეში ჩამოვა
და ხელშეკრულებას გააფორმებს. ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი
დარწმუნებულია, რომ კლუბის ახალი მეპატრონე კეთილსინდისიერი იქნება.
"კომპანიის
წარმომადგენლები რამდენიმე დღეში ეწვევიან ქუთაისს და
გვექნება შეხვედრა ხელშეკრულების მომზადებასთან
დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი იქნება
სანდო, კეთილსინდისიერი მეპატრონის ხელში", - განაცხადა
იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე 1
სექტემბერს გასხვისდა. "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა" კლუბი 577
017 ლარად შეიძინა.
"ქუთაისის "ტორპედოს" შეძენა მიზნად ისახავს როგორც
ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობას. საუნივერსიტეტო
და ქუთაისის "ტორპედოს" საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის
გაერთიანება, სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას
ემსახურება", - ნათქვამია "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის"
განცხადებაში.
მთავარი პირობა კლუბის დავალიანების
გასტუმრებაა, რომელიც მერიის ინფორმაციით, 2 470 000 ლარია. ახალმა
მფლობელმა თანხა ორ ეტაპად, წლის ბოლომდე უნდა
გადაიხადოს.
ასევე, კლუბის განვითარებისთვის
ყოველწლიურად მინიმუმ ოთხი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა
განახორციელოს. ინვესტორმა, თავად უნდა მოიძიოს დონორები და
შემოსავლის ალტერნატიული წყაროები. თანხის 10% კი უნდა გამოიყენოს
კლუბის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის.
ახალმა მფლობელმა ყოველწლიურად უნდა
მოიპოვოს უეფასა და ეროვნული ლიცენზიები. წელიწადში 100-დან 2000
ბავშვამდე კონტიგენტისთვის უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა
და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება. ინვესტორმა, კლუბში, ყოველი წლის
ბოლოს უნდა ჩაატაროს აუდიტორული შემოწმება და შედეგები მერიას
წარუდგინოს.
მუნიციპალიტეტი ინვესტორს,
"ტორპედოს" წინააღმდეგ სასამართლოში არსებულ საქმისწარმოების
შედეგებზეც აკისრებს პასუხისმგებლობას და საერთო სასამართლოების მიერ
მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამი მილიონი ლარის ფარგლებში
თანხის გადახდას ავალდებულებს.
ქუთაისის მერიამ "ტორპედო"
აუქციონზე მეორედ გამოიტანა. პირველ შემთხვევაში კლუბის შეძენით
არავინ დაინტერესდა.
ქუთაისის მერიამ "ტორპედო"
აუქციონზე პირველად 2017 წელს გაყიდა. მაშინ კლუბი 300 000 ლარად
გასხვისდა, თუმცა, ზაალ ჩაჩავამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და კლუბი
დატოვა. ამის შემდეგ "ტორპედოთი" იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი
დაინტერესდა, რომლებმაც ასევე, არ შეასრულეს ქუთაისის მერიის წინაშე
აღებული ფინანსური ვალდებულებები.
მასალის გამოყენების პირობები