DMO Imereti- ს ინფორმაციით, მაისიდან აგვისტოს
ჩათვლით, ტურიზმი 70%-ით გაიზარდა.
მაისის თვეში ქუთაისს 180 ტურისტი ეწვია, ივნისში
მათი რაოდენობა 475-მდე გაიზარდა, ხოლო ივლისში ტურისტთა ნაკადი
გაორმაგდა და ქალაქს 882 ტურისტი ესტუმრა.
ყველაზე მეტი ტურისტი ქუთაისს ყაზახეთიდან ეწვია,
შემდეგ პოლინეთიდან, ლიეტუვადან, გერმანიიდან და
ლატვიიდან.
,,2020 წელთან შედარებით
2021 წლის მონაცემების შეფასება მხოლოდ საიმედო და პოზიტიურ
კონტექსტში შეიძლება. ეს ბუნებრივიცაა სრული სტაგნაციისა და
არაპროგნოზირებადი სიტუაციის შემდეგ. 2021 წლის დასაწყისში გახსნილი
საზღვრების, დარეგულირებული კოვიდ სიტუაციისა და განსაზღვრული
რეგულაციების ფონზე, სიტუაცია ტურიზმში,როგორც ქვეყნის მაშტაბით,
ასევე ჩვენს რეგიონში საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამოქმედებული ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტი, ვიზიარის ბაზის დაბრუნება, ახალი
ავიაკომპანიების შემოსვლა, ჩვენს ბაზარზეც ადეკვატურად აისახა და
ტურისტულ სტატისტიკაზეც", - აცხადებს DMO Imereti -
ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.
საქსტატის
კვლევის თანახმად, საქართველოში მიმდინარე წლის პირველ
კვარტალში 3,28 მილიონმა ადგილობრივმა ვიზიტორმა 3,7 მილიონი ვიზიტი
განახორციელა და ამ ვიზიტებისას 552,6 მილიონი ლარი დახარჯა. მათ მიერ
გაწეული ხარჯების მონაცემი გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს
44,9%-ით აღემატება, ხოლო ვიზიტები წლიურად 23,4%-ით არის გაზრდილი.
ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22%-ით და 149,2 ლარს
უტოლდება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ინფორმაციით, ივნისში ქვეყანაში სულ 146 664 უცხოური ვიზიტი
განხორციელდა, რაც პანდემიის პერიოდისთვის უპრეცენდენტოდ მაღალი
მაჩვენებელია. ივნისის თვეში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა
გასული წლის იმავე პერიოდს 286,8%-ით აღემატება, თუმცა 2019 წლის
ივნისის რაოდენობას 80%-ით ჩამორჩება.
გასულ 2020 წელს, ტურიზმის
სექტორმა უცხოელი ვიზიტორებისგან 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი
მიიღო. რაც შეეხება მიმდინარე წლის შემოსავლებს, 2021 წლის
იანვარ-მაისში უცხოური ტურიზმიდან 176,5 მილიონი დოლარი
შემოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები