ქუთაისის მერიამ 2016 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული
სამუშაოებისათვის საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობა
დაიწყო.
როგორც ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი განმარტავს, მომავალი
წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კომპანიების მხრიდან
სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას.
"ამ მოთხოვნების მკაცრი გაკონტროლებით მიმდინარეობდა მიმდინარე წლის
ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა იყვნენ ორგანიზაციები რომელთა
არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ რიგი ინფრასტრუქტურული
პროექტების შეფერხებაც გამოიწვია. ამიტომ, 2016 წელს განსაკუთრებული
ყურადღება მიექცევა სამუშაოების დროულ და ხარისხიანად ჩაბარებას,"-
ამბობს მიქიაშვილი.
ქუთაისში უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულებული პროექტის
მაგალითად მიქიაშვილმა ყაზბეგის ქუჩის გრანიტის ფილებით
მოპირკეთებითი სამუშაოები მოიყვანა, სადაც სამშენებლო კომპანია "გზა
21" მუშაობდა.
როგორც მიქიაშვილი განმარტავს, სამშენებლო კომპანიასთან დადებული
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 533112 ლარს.
ორგანიზაციამ სამუშაოების შესრულება ვერ განახორციელა ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და მას ყოველ ვადაგადაცილებულ
დღეზე ერიცხებოდა ჯარიმა 0.1%-ის ოდენობით, რამაც საერთო ჯამში
შეადგინა 43183 ლარი.
"საერთო ჯამში ორგანიზაციას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაუკავდა 53091
ლარი, გარდა ამისა კომპანია შავ სიაშია, რის გამოც ორი წლის მანძილზე
საქართველოს მასშტაბით ვერსად ვერ შეასრულებს სამშენებლო სამუშაოებს,
ყველა დაინტერესებულ მეწარმეს და კომპანიას მოვუწოდებ მიიღოს
მონაწილეობა ტენდერში, თუმცა გაითვალისწინონ, რომ სამუშაოების ხარისხი
და ვადები გაკონტროლდება," - განმარტა ნოდარ მიქიაშვილმა.
როგორც მერიაში განმარტავენ, 2016 წელს ქუთაისში განსახორციელებელი
ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად და ხარისხიანად
შესრულების მიზნით, მიმდინარე სამუშაოები ინსპექტირების ჯგუფების მიერ
ყოველდღიურად გაკონტროლდება.
მასალის გამოყენების პირობები