3 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნები 2 ოქტომბერს იმართება. წინასაარჩევნო
კამპანია კი, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
რა აკრძალვებია წინასაარჩევნო პერიოდში:
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში რომელიმე პოლიტიკური პარტიისა და
საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად
ადმინისტრაციული
რესურსების გამოყენება იკრძალება.
საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, მათ შორის იკრძალება:
სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ,
აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ
სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს,
საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების
შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა.
იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების
დაწესებულებებისათვის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იმ
ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი
საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და
სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება.
იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების
საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აკრძალულია
საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების
თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების,
იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.
საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის
პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, იუსტიციის
სამინისტროსთან სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შეიქმნება.
უწყებათაშორისი კომისია იხილავს საკითხებს, რომელიც უკავშირდება
საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის
ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე
დარღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უწყებათაშორის კომისიას
აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები), ან
დამკვირვებელი ორგანიზაციები.
საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია
ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო.
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს
ეკრძალება არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით
მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსება, რომელიც
შეიცავს ინფორმაციას უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს
შესახებ.
გარდა ამისა, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით
აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება,
შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა
ოდენობების ზრდა გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60
დღით ადრე.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია
სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი
სააგიტაციო მასალის, ვიდეო-აუდიომასალის დამზადება, ვებ-გვერდის ან
მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო
სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი
ნომერი ან რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური
პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში
აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო
სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.
საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის
დამთავრებამდე აკრძალულია მუნიციპალიტეტის ორგანოს, პოლიციისა და
პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება,
გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის
დარღვევის შემთხვევებისა.
მასალის გამოყენების პირობები