ქუთაისის მერია რელიეფურად
რთული უბნებისთვის ახალი ავტობუსების ყიდვას
გეგმავს.
შესაბამისი პროექტი უკვე წარდგენილია რეგიონალური განვითარების
ფონდში, რომელმაც სატრანსპორტო საშუალებების შეძენა უნდა დააფინანსოს.
საუბარია, ხუთიდან - რვამდე
ავტობუსის შეძენაზე, რომლებიც ქალაქის ორ უბანში - გორასა და
საფიჩხიაზე განაწილდება.
"მერიის შესაბამისმა სამსახურმა გააკეთა
მოკვლევა უბნებში და შეისწავლა რამდენად მოერგებოდა ახალი
ავტობუსები რელიეფს. ასევე, გათვალისწინებულია მგზავრთა სიმცირეც
აღნიშნულ უბნებში. შესაბამისად, გადაწყდა, რომ მცირე ზომის
ავტობუსების პროექტი წარგვედგინა. ველოდებით ახლა რა გადაწყვეტილება
იქნება", - განაცხადა მერიის შპს "ქუთაისის სატრანსპორტო"
კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ცხვედიანმა.
ახალი ავტობუსების მინიმალური ფასი
35 000 ევროდან იწყება და 50 000 ევროს აჭარბებს. ჯერჯერობით უცნობია
რამდენი ავტობუსის შეძენას დააფინანსებს რგფ.
ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსები
გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი
ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.
ქუთაისში სულ 10 საავტობუსო ხაზია, სადაც 60 ერთეული ავტობუსი
მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები