5 ივლისის მოვლენებმა, მედიაზე თავდასხმამ, ხელისუფლებისა და
საპატრიარქოს წახალისებამ ძალადობისკენ, პოლიციის უმოქმედობამ ყველაზე
მუქი კონტურებით ასახა აწმყო და კიდევ უფრო გააბუნდოვანა მომავალი.
ყოველ შემთხვევაში საქართველოს მომავალი ევროპულ სივრცეში.
რაზე მიუთითებენ 5 ივლისის მოვლენები?
გთავაზობთ სხვადასხვა მოსაზრებას და შეფასებას 5 ივლისის
დანატოვარზე.
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი:
„ჩვენ არ ვდგავართ ერთი პარტიის ან
თუნდაც ერთი ადამიანის ავტორიტარიზმის გამოწვევის წინაშე, ჩვენ
ვდგავართ გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე, ეს საფრთხე
ორგანზომილებიანია და ასე შეიძლება გადმოიცეს: უმრავლესობის ძალადობა
ნებისმიერ განსხვავებულზე, შეიძლება ამას ვუწოდოთ ნეოფაშიზმი, ან
ტრაიბალიზმის ყველაზე საშიში ფორმა და მეორე: საქართველოს
განვითარების კურსის შეცვლა, გეზის აღება პუტინისკენ.
აქ, რასაკვირველია, არ იგულისხმება გეოგრაფია ან თუნდაც -
გეოპოლიტიკა, პირველ რიგში, აქ იგულისხმება ადამიანის, ანუ თითოეული
ჩვენგანის, უკლებლივ ყველას უფლებებზე დაფუძნებული სამართლებრივი და
პოლიტიკური სისტემის, ლიბერალური დემოკრატიის განადგურება - აი, ესაა
სინამდვილეში რუსეთი, ესაა მისი ენა დღეს საქართველოში, - ჩვენი
უფლებების წაშლა, ჩვენი დამონება.
ჩვენ ვდგავართ ანაფორებსა და ჩოხებში გამოწყობილი პუტინიზმის საფრთხის
წინაშე, ჩვენ ვდგავართ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე, აი, იმ
გადაგვარების, გაველურების წინაშე, რასაც განასახიერებს პარლამენტში
დეპუტატების თრევა, შუა რუსთაველზე ჟურნალისტებსა და უმცირესობებზე
ნადირობა, რასაც განასახიერებს 30 კაცის მიერ ერთი ადამიანის
უმოწყალოდ ცემა, ქალებისა და ბავშვების ჩაქოლვისკენ მოწოდება, რასაც
განასახირებს კულტურის მინისტრის ქცევა და ღარიბაშვილის ტვინის
ჯურღმული, რასაც განასახირებეს ბიძინა ივანიშვილის გამოქვაბულად
ქცეული მონების სამარცხვნო და აუტანელი საქართველო.
ამიტომ, არსებითია ამ ბრძოლაში პოლიტიკური ოპოზიციის, მედიის,
მოქალაქეების ძლიერი, აი, ამ გამოქვაბულის წამლეკავი ერთობა, ერთობის
გარეშე ყველანი დავმარცხდებით“.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები