"ქართული ოცნება" ქუთაისში მერობის კანდიდატს არჩევს.
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, მმართველი გუნდი არჩევანს საკრებულოს
მოქმედ თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას, ვიცე-მერს დავით ერემეიშვილსა
და ქუთაისის ყოფილ მაჟორიტარს, დიმიტრი მხეიძეს შორის აკეთებს.
სავარაუდო კანდიდატები "ოცნებასთან" კონსულტაციებს არ ადასტურებენ,
თუმცა აღნიშნავენ, რომ მზად არიან ნებისმიერი წინადადება მიიღონ,
რასაც გუნდი გადაწყვეტს.
"ამ საკითხზე ჩემთან კონსულტაციები არ ყოფილა. ამ დროისთვის
წარმოვადგენ ქუთაისის საკრებულოს. რასაც გადაწყვეტს "ქართული ოცნება"
იქ ვიქნები და მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქალაქს", - ამბობს
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
მერობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს დიმიტრი მხეიძეც, თუმცა, ამბობს,
რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ ჰქონია.
"ვერ დაგიდასტურებთ, რომ მსგავის შემოთავაზება იყო.
თუმცა, მზად ვარ ჩემი ქალაქის საკეთილდღეოდ ნებისმიერი
თანამდებობა მივიღო", - ამბობს დიმიტრი მხეიძე.
მერობის შეთავაზებას უარყოფს ვიცე-მერიც.
"არ ვიცი საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. თქვენგან მესმის
პირველად. არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. ვნახოთ რა
იქნება", - ამბობს დავით ერემეიშვილი.
პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას აგვისტოში მიიღებს. სწორედ ამ დროს
იგეგმება ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის
წარდგენა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის ოქტომებრში
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები