საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა
მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გადადგება.
ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურის
მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თუ მედია
და პარტიები მთავრობას არ მოუსმენენ, ქვეყანა არსად არ წავა.
თეა წულუკიანის თქმით ლგბტ თემს საქართველოში არავინ ერჩის.
"გამოძიებამ უნდა დააყენოს შედეგი, რადგან ძალადობით ეს ქვეყანა არსად
არ წავა. ასევე, თუ მედია, პოლიტიკური პარტიები, არ მოუსმენენ
მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა არსად არ წავა, ღარიბაშვილი არ
გადადგება, გომელაური არ გადადგება, თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც
გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, როგორც არ უნდა გეზიზღებოდეთ ის.
რადგან მთავრობის მეთაური რომ ამბობს, შეიძლება იყოს სირთულეები, რომ
ორი ამ დონის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს
ვინმემ უნდა შეისმინოს და არ გავწიროთ ის ლგბტ თემი, რომელიც
ზოგიერთმა უსინდისო ძალამ საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა. ამ
ადამიანებს ამ ქვეყანაში არავინ არ ერჩის, მაგრამ მათ აქვთ
გამოწვევები, მათი უფლებების დაცვა საჭიროა, განსხვავებული ადამიანი
ჩვენ არ უნდა გვძულდეს და ამისათვის ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, -
განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
11 ივლისს , გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე
ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები
სასტიკად გაუსწორდნენ.
თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები
და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო
სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები
მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ
პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.
მასალის გამოყენების პირობები