25 ნოემბერს, ქუთაისში, ოპერის თეატრის წინ, 14 საათზე, ადრეული
ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართება.
ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა! ნუ გაათხოვებ!- ამ
სლოგანებით აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას განუმარტავენ,
რომ 16 წლამდე გოგონებთან სრულწლოვანი ქმრების სექსუალური
კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელზეც სახელმწიფო თვალს
ხუჭავს!
ადრეულ ქორწინებას თან ახლავს არასრულწლოვანთა ორსულობა და
მშობიარობა, რომელიც საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და
სიცოცხლეს!
საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა.
საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის
იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება
შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული
პრობლემების გამო.
საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები
ასაკი. სიტყვა „ქორწინება“ შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების
მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური
გაჭირვების თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად სახლიდან გააგდეს,
გაათხოვეს, გაასხვისეს ნივთივით.
ნუ გაათხოვებ!
მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი,
სწავლა, დამოუკიდებლობა!
მასალის გამოყენების პირობები