"სოციალური სამართლიანობის ცენტრი
"რიონის ხეობის მცველებთან" კომუნიკაციას წყვეტს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ
ძალადობრივი აქციის მხარდაჭერით, მოძრაობა მათ მიერვე
გაცხადებული ღირებულებების წინააღმდეგ წავიდა. არასამთავრობო
ორგანიზაცია თვლის, რომ 5 ივლისის აქციის ძალადობრივი შინაარსი
იმთავითვე განჭვრეტადი იყო, ამის მიუხედავად, ხეობის მცველებმა
აქციაზე მისვლის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
"ჩვენთვის "რიონის ხეობის
გადარჩენის" მოძრაობა, ბოლო წლებში ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიული
თვითორგანიზების უნიკალური მცდელობა იყო. მათი მხრიდან ძალადობრივი,
ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და
ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური
საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ჩვენი
ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.
მათი გადაწყვეტილება,
შეერთებოდნენ დეკლარირებულად ძალადობრივ აქციას, აბსოლუტურად
მიუღებელია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც ბოლო დრომდე თავს ამ
მოძრაობის ერთგულ მხარდამჭერად მიიჩნევდა და ყველა რესურსი გამოიყენა
მისი პოლიტიკური და სამართლებრივი
მხარდაჭერისთვის.
ამ
რეალობაში მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები,
სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას მათ მოკავშირეებად
დავრჩეთ. ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმეა და ის
უმძიმეს იმედგაცრუებასთან და ემოციურ ტვირთთან არის
დაკავშირებული", - ნათქვამია განცხადებაში.
"რიონის ხეობის გადარჩენისთვის"
მოძრაობის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა "მწვანე ალტერნატივამაც".
მესამე სექტორმა ხეობის მცველებთან კომუნიკაციაზე უარი მას შემდეგ
თქვა, რაც მოძრაობამ "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადება
გაავრცელა, სადაც პრაიდი ეროვნული ერთიანობისთვის საფრთხედ
დაასახელა, 5 ივლისს კი მოძრაობის წევრები ძალადობრივი ჯგუფების მიერ
ორგანიზებულ აქციაზე მივიდნენ.
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის
მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქტივისტებმა 252-ე
ღამე გაათენეს კარვებში.
მასალის გამოყენების პირობები